ახალი ამბები

“სახელმწიფო ელექტროსისტემა” ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყების გამო 3 წელში 25-ჯერ დაჯარიმდა

4 ოქტომბერი, 2019 • 1420
“სახელმწიფო ელექტროსისტემა” ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყების გამო 3 წელში 25-ჯერ დაჯარიმდა

“სახელმწიფო ელექტროსისტემა” სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის გარეშე დაწყების გამო 3 წელიწადში 25-ჯერ დაჯარიმდა. ამის შესახებ საუბარია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 2014-2017 წლების პერიოდს მოიცავს.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ჯამში, ჯარიმის ოდენობამ 69 400 ლარი შეადგინა, საიდანაც 40 100 ლარი წარმოადგენს განმეორებითი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებულ ჯარიმას:

“აღნიშნული ცხადყოფს, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა ელექტროსისტემისთვის არ არის იმდენად პრიორიტეტული, რამდენადაც უნდა იყოს ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების გამო”, – ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

ამასთან, აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ელექტროსისტემის მიერ 2014-2015 წლებში „ჯვარი-ხორგისა“ და „ქსანი-სტეფანწმინდის“ გადამცემი ხაზების პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, გადამცემი ხაზების მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2016 („ჯვარი-ხორგა“) და 2017 წლებში („ქსანი- სტეფანწმინდა“), თუმცა პროექტის განხორციელების დროს წარმოქმნილმა პრობლემებმა გამოიწვია გადამცემი ხაზების მშენებლობის შეფერხება.

ანგარიშის მიხევით, კონტრაქტორების მოცდენის გამო ელექტროსისტემამ გადაიხადა 10,220,729 ლარის ჯარიმა.

როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული ჯარიმის გადახდის მთავარი მიზეზი იყო, რომ კომპანიამ ხელშეკრულებების გაფორმების დროს არ შეაფასა არსებული რისკები (განსახლების სირთულესთან დაკავშირებული რისკები).

მასალების გადაბეჭდვის წესი