ახალი ამბები

20-დოლარიანზე ქალის გამოსახვის მოთხოვნით ამერიკაში კამპანია დაიწყო

25 მარტი, 2015 •
20-დოლარიანზე ქალის გამოსახვის მოთხოვნით ამერიკაში კამპანია დაიწყო

დოლარის ყველა კუპიურაზე ამერიკის ისტორიაში ცნობილი მამაკაცები არიან გამოსახული.


“აქ მხოლოდ კაცებია”, “გოგონები არ არიან”, – ამბობენ ბავშვები კამპანიის ორგანიზატორების მიერ სპეციალურად მომზადებულ ვიდეორგოლში, სადაც ჩანს, როგორ ეძებენ ისინი ქაღალდის ფულზე ქალის გამოსახულებას.


 

ცნობილი ქალი, რომლის სახეც 20-დოლარიან კუპიურაზე გამოისახება, ამერიკის მოსახლეობამ ხმის მიცემით უნდა შეარჩიოს. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ საზოგადოებამ არჩევანი იმ 15 ქალი კანდიდატიდან უნდა გააკეთოს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამერიკის განვითარებასა და ისტორიაში. ხმის მიცემა მოქალაქეებს ონლაინ შეუძლიათ.

 

20-დოლარიანის ახალი კუპიურა  მიმოქცევაში 2020 წლისთვის გამოვა იმ საკონსტიტუციო ცვლილების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომლითაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ.

 

კამპანიის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ეს სიმბოლური და დაგვიანებული ცვლილება გენდერული თანასწორობისკენ გადადგმული სხვა ინიციატივების დასაწყისიც იქნება.

 

“ჩვენი ფული მეტყველებს ჩვენს შესახებ, ჩვენი ღირებულებების შესახებ. ამიტომაც, ერთად გავხადოთ ის თანასწორი და ინკლუზიური”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიმართვაში.

 

ქაღალდის ფულის ვიზუალური მხარე ამერიკაში 1929 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ არ შეცვლილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი