ახალი ამბებიკომენტარი

გადავარჩინოთ ალექსანდერსდორფი, ისტორიული გერმანული სოფელი დიდუბეში

4 ოქტომბერი, 2019 • 9127
გადავარჩინოთ ალექსანდერსდორფი, ისტორიული გერმანული სოფელი დიდუბეში

ღია წერილი

  • სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს
  • ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს
  • გიორგი გახარიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს
  • მიხეილ ბატიაშვილს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს
  • კახა კალაძეს, ქ. თბილისის მერს
  • ირმა ზავრადაშვილს,დიდუბის გამგეობის გამგებელს

გადავარჩინოთ ალექსანდერსდორფი!

საქართველოში 1817 წლიდან ჩამოსახლებულ გერმანელთა კულტურული მემკვიდრეობა საბჭოთა რეჟიმის მიერ უარყოფილი და სრულიად შეუსწავლელი იყო. 1996 წლიდან  დაწყებული ჩვენი  აქტიური მცდელობების მიუხედავად, ეს საკითხი მხოლოდ 2013 წელს მოექცა სახელმწიფოს ყურადღების ქვეშ, როცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის,  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის, ვიზიტის ფარგლებში საქართველომ და გერმანიამ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებით გადაწყვიტეს, 2017-2018 წლებში საზეიმოდ აღენიშნათ საქართველოში გერმანელების ჩამოსახლების 200 წლის იუბილე. 

ბატონი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ამჯერად როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი  – მალე ეწვევა თბილისს, ამიტომ მთავრობასაც და მასაც კიდევ ერთხელ გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ გერმანული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა-გადარჩენისთვის  ჩატარებული სამუშაოებისთვის, და ამასთან, გავაცნოთ ჩვენი შეშფოთება თბილისში, დიდუბეში, 1818 წელს დაარსებული გერმანული სოფლის – ალექსანდერსდორფის განადგურების გამო.

გერმანელთა ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს ფარგლებში უკვე განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს მთელი რიგი სასიკეთო ღონისძიებები: საქართველოს საბიუჯეტო სახსრებით  დაფინანსდა გერმანული კულტურული მემკვიდრეობის სრული ინვენტარიზაცია 2015-2017 წლებში, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ  განახორციელა  და გამოავლინა 23 გერმანული დასახლება 1200-ზე მეტი ავთენტური შენობა-ნაგებობით; საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და დაფინანსებით ასურეთში (ყოფილი ელიზაბეტთალი) 2016 წლიდან დღემდე 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფართო სარეაბილიტაციო/სარესტავრაციო სამუშაოები ხორციელდება;  საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ 2017 წელს გერმანულ ენაზე გამოსცა ტურისტული გზამკვლევი; ევროსაბჭოს წარმომადგენლობამ  გერმანულ სოფლებთან მათი ავთენტური, გერმანული სახელების აღმნიშვნელი გზის მანიშნებლები და საინფორმაციო ბანერები დაამონტაჟა, ასევე გამოსცა გზამკვლევი ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენაზე; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს კულტურულმა მარშრუტებმა სერტიფიკატი მიანიჭეს გერმანული დასახლებების მარშრუტს; გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა თრიალეთში (ყოფილი ალექსანდერსჰილფი) არსებული გერმანული ეკლესიის სახურავის რესტავრაცია; ჩვენი კვლევების საფუძველზე უზრუნველყო წიგნის “საქართველოს გერმანული დასახელებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა” გამოცემა 2018 წელს,  ახლა კი ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს ბოლნისის (ყოფილი კატარინენფელდი) გერმანული სკოლის რესტავრაცია-ადაპტაციას. 

გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბოლნისის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციოდ საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ათეულობით მილიონი ლარის სამუშაოების განხორციელებას აპირებს.

და ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენთვის სრულიად აუხსნელია, რატომ ვიმეტებთ უკვალოდ გასაქრობად აქვე, ჩვენს დედაქალაქში, დიდუბეში არსებულ გერმანულ სოფელს – ალექსანდერსდორფს, სადაც 2015 წლის შემდეგ უკვე 11 გერმანული სახლი დაინგრა და ახლო მომავალში იგივე ბედი ელის დანარჩენ 19 სახლს წყალტუბოსა და სამტრედიის ქუჩებზე.

1856 წლის რუკა

1924 წლის რუკა, გერმანული სოფელი თბილისში

2016 წელს, როცა იქ  6 სახლი დაანგრიეს და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს, დახმარებისთვის მივმართეთ თბილისის მაშინდელ მერს, დავით ნარმანიას, რომელმაც სრულად გაიზიარა ჩვენი მოსაზრება და გადაწყვიტა ამ ადგილის სრული რევიტალიზაცია: წყალტუბოს ქუჩის საფეხმავლო ზონად გადაკეთება, იქ არსებული გერმანული არქიტექტურის რესტავრაცია და აქაურობის ახალ ტურისტულ არეალად ქცევა. ამის პარალელურად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, იქ არსებულ გერმანულ სახლებს მიენიჭათ კულტურული მემკვიდროების ძეგლებისა და ობიექტების სტატუსი. 

სამწუხაროდ, ახალი მერის არჩევის შემდეგ, მერიის ეკონომიკური სამსახურის თქმით, ალექსანდერსდორფის გადარჩენა აღარ იყო მათი ინტერესის საგანი. შესაბამისად, სამთავრობო სხდომამაც არ დაამტკიცა სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილება ალექსანდერსდორფის სახლებისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

რადგან გერმანული სახლების ნგრევამ შეუქცევადი სახე მიიღო, დახმარებისათვის მივმართეთ თბილისის მერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, კულტურის მინისტრს. ჩვენი გულისტკივილი სრულად მხოლოდ დიდუბის გამგეობამ გაიზიარა, რომლის თაოსნობით  ა. წ. 25 სექტემბერს წყალტუბოს ქუჩა გადაიკეტა და იქ მოეწყო საზეიმო ღონისძიება  – “ალექსანდერსდორფი, გერმანული სოფელი დიდუბეში”.

 

ალექსანდერსდორფი უნდა გადარჩეს ✌️ვიდეოსათვის დიდი მადლობა დებ რობაქიძეებს ❤️

Posted by Nestan Tatarashvili on Thursday, September 26, 2019

როგორც ღონისძიების მოსაწვევის ტექსტშია აღნიშნული: ამ გერმანული სოფლის აღდგენა-განახლების შედეგად მოხდება: “გერმანულ-ქართული პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება უკვე მიღწეული ევროინტეგრაციის ფარგლებში; დიდუბეს და ქალაქს ექნება ახალი საზოგადოებრივი ზონა და ტურისტული მარშრუტი (დიდუბის რაიონისთვის იქნება განსაკუთრებისთ მნიშვნელოვანი, რადგან რაიონს არ გააჩნია მსგავსი ზონა); შეიქმნება სივრცე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ სტუმრებს, ტურისტებს დასვენებისა და გართობის საშუალება ექნებათ; გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისათვის”. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ დიდუბის გამგეობას, მაგრამ ცხადია, მხოლოდ კულტურული ღონისძიებებით შეუძლებელია ალექსანდერსდორფის გადარჩენა.

გერმანული სახლების ნაცვლად უსახური, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იქ ახლაც გრძელდება და ჩვენ თვალწინ ასე უმოწყალოდ, უკვალოდ ქრება თბილისში 1818 წელს დაარსებული გერმანული სოფელი. მისი ისტორიის ამსახველი საინფორმაციო ბანერი სამტრედიის ქუჩის კუთხეშია განთავსებული და უმორჩილესად გთხოვთ, ალექსანდერსდორფის ნაცვლად მხოლოდ ამ ბანერს ნუ დავუტოვებთ მომავალ თაობას. ერთი ასეთი აბრა ხომ უკვე გვაქვს კოტე მარჯანიშვილის მოედანზე, სადაც ვკითხულობთ, რომ აქ იდგა გერმანელების მიერ 1897 წელს აშენებული წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერული ტაძარი, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს 1946-47 წლებში.

ნუ გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, გადავარჩინოთ ალექსანდერსდორფი!

პატივისცემითა და თქვენი დახმარების იმედით,

ნესტან თათარაშვილი,

სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი 

4 ოქტომბერი, 2019. თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი