ცრუ დასმენის ბრალდებით დაკავებულ ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილსა და მის ორ კლიენტს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით ადვოკატსა და დაკავებულ დედა-შვილს – სვეტლანა ბეკერსა და მანია ავდალოვას – გირაო დღეს შეეფარდათ. სამივე დაკავებული დაკისრებული თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.
ნაირა ოტიაშვილის უფლებადამცველმა ონისე მარგიანმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ბრალდების მხარე 3 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ბრალდებულებს 1 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მარგიანის განცხადებით, მიუხედავად პირველი წარმატებისა, “ადვოკატთა კორპუსი მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა”:
“ჩვენთვის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებისთვის, სულერთია, სასამართლო ოტიაშვილს პატიმრობაში დატოვებდა, თუ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდა, რადგან აღკვეთის ღონისძიება მაინც შეუფარდა. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, სანამ ქალბატონ ნაირას არ გავამართლებთ.”
ადვოკატთა ნაწილმა 2 ოქტომბერს კოლეგის დაკავებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა და სასამართლო და პროკურატურა მათი პროფესიის წარმომადგენელთა დევნაში დაადანაშაულა.
მარგიანის ინფორმაციით, ოტიაშვილის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომას 100-ზე მეტი ადვოკატი ესწრებოდა, მათგან 15 კი უშუალოდ ნაირა ოტიაშვილის ინტერესებს იცავდა.
ნაირა ოტიაშვილი და მისი ორი კლიენტი ცრუ დასმენის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ოფიციალურად 3 ოქტომბერს წარედგინათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით ან პირადი მოტივით. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მთავარ ფოტოზე: ნაირა ოტიაშვილი/GHN