ტიგრანუი მარტიროსიანი
ევრაზიული კავშირის სამიტის ფარგლებში სომხეთში მყოფმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც სომხური მედიის ნაწილის ინფორმაციით დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ცოლს არაოფიციალურად შეხვდა, კითხვები გააჩინა. რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტის შესახებ სომხეთის მმართველი ფრაქციის, “ჩემი ნაბიჯის” წევრს, მიკაელ ზოლიანს ვკითხეთ:
ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რვა ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით სამიტი ჩატარდა. სომხურმა პრესამ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი გამოყო. რატომ იყო პუტინის ეს ვიზიტი ასე მნიშვნელოვანი სომხეთისთვის?
ვერ დაგეთანხებით, რომ სომხურმა პრესამ მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ვიზიტი გამოარჩია. ჩვენთვის ყველა ლიდერის ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი. სხდომაზე მოწვეული იყვნენ იმ ქვეყნების ლიდერებიც, რომლებიც არ არიან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები, მხედველობაში მყავს ირანის პრეზიდენტი, სინგაპურის პრემიერ-მინისტრი, მათი სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. თუმცა სომხურ-რუსული ურთიერთობების ჭრილში, მესმის ინტერესი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება.
რა მნიშვნელობა ჰქონდა პუტინის ვიზიტს სომხურ-რუსულ ურთიერთობებში? რაიმე პოლიტიკურ შეთანხმებებს მიაღწიეს მხარეებმა?
მისი ეს ვიზიტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში შედგა. ამის მიუხედავად, წარმოუდგენელია, რომ ის არ შეხებოდა ორმხრივ ურთიერთობებსაც. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარებით, სომხეთმა მთელ მსოფლის აჩვენა, რომ საერთაშორისო სუბიექტია და ქვეყნებს შორის ურთიერთობებში პლატფორმა შეიძლება გახდეს, როგორც გახდა ამჯერად ირანს, სინგაპურსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შორის.
ერთი წლის წინ სომხეთში ჩატარდა ფრანკოფონიის სესია, სადაც ასევე მსოფლიო ლიდერები მონაწილეობდნენ: ჯასტინ ტრუდო, ემანუელ მაკრონი. ერთი წლის შემდეგ სომხეთში პუტინი, როჰანი ჩამოდიან. ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთი საკუთარ იმიჯს საერთაშორისო არენაზე აუმჯობესებს, სხვადასხვა პოლიტიკურ პოლუსებს შორის შუამავლად გამოდის.
თქვენ იმის თქმა გსურთ, რომ ყველა ეს ადამიანი სომხეთში ჩვენი ხელისუფლების კარგი მუშაობის შედეგად ჩამოვიდა? ისინი ხომ სამიტებზე მონაწილეობის მიზნით იყვნენ აქ?
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სამუშაოს შედეგი. რასაკვირველია, ასეთი ღონისძიებები ადრეც ტარდებოდა. დიპლომატები სომხეთიდან ამაზე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ. მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორედ ნიკოლ ფაშინიანის წყალობით გახდა ეს სხდომა ასეთი მასშტაბური. ფაშინიანი პოლიტიკოსია, რომელსაც საერთაშორისო არენაზე იცნობენ, მას არ აღიქვამენ მეორეხარისხოვანი ქვეყნის ხელმძღვანელად. თუმცა, ვიმეორებ, ეს ღონისძიება არ არის მხოლოდ ფაშინიანისა და ახალი ხელისუფლების საქმიანობის რეზულტატი.
სომხურ პრესაში იმაზეც აქტიურად იწერება, რომ გადაჭარბებულია აღნიშნული სამიტის მნიშვნელობა, რომელიც ისედაც უნდა ჩატარებულიყო რომელიმე წევრ ქვეყანაში და პუტინი ისედაც ჩავიდოდა.
მე არ ვიცი, რომელ პრესას ეცნობით და რატომ გაქვთ ასეთი შთაბეჭდილება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სომხეთში არსებობს პრესა, რომელიც სომხეთის წინა ხელისუფლებას ეკუთვნის, რომელიც მანიპულირებს საკუთარი სტატიებით. ეს მედიასაშუალებები არ უშვებენ ხელიდან საბაბს, სომხეთს, მის საერთაშორისო როლს რომ არ დაარტყან.
როდესაც ფაშინიანი ევროკავშირის წარმომადგენლებს ხვდება, ისინი წერენ, რომ სომხურ-ევროპული ურთიერთობები გაუარესდა, როდესაც აშშ-ის წარმომდგენლებს ხვდებიან, იგივეს წერენ.
ახლა კი ცდილობენ ამტკიცონ, რომ ფაშინიანს და პუტინს ცუდი ურთიერთობა აქვთ და თითქოს პუტინი სომხეთის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უჭერს მხარს.
მაგრამ ამ ვიზიტმა აჩვენა, რომ ისინი არ არიან მართალნი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის საზოგადოება ასეთ მანიპულიაციებზე არ ეგება.
არც ისე დიდი ხნის წინ ნიკოლ ფაშინიანი ერთ-ერთ ინტერვიუში სომხეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კითხვებზე საუბრობდა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში კი მან აღნიშნა, რომ ურთიერთობები სტრატეგიულია და პარტნიორული. როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, გაუგებრობები არსებობს მხარეებს შორის, ამავე დროს კი, სტრატეგიული ურთიერთობებიც ჰქონდეთ?
მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთს პრობლემური ურთიერთობები მხოლოდ ორ ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან აქვს. სხვა დანარჩენ ქვეყნებთან სომხეთი თანამშრომლობს, სურს თანამშრომლობა.
რუსეთთან, სწორია, სტრატეგიული ურთიერთობები გვაქვს. ვაფასებთ ურთიერთობებს მეზობლებთან – საქართველოსთან და ირანთან. რაც შეეხება ფაშინიანის განცხადებებს, აქ კონტექსტია გასათვალისწინებელი. მას ჰკითხეს, აქვს თუ არა რუსეთს კითხვები სომხეთთან, და ამ კითხვაზე მან უპასუხა ის ფრაზა, რომლის ციტირებაც მოახდინეთ. მან იგულისხმა, რომ არ უნდა დაისვას მსგავსი კითხვები და თავად იკითხა – რატომ არ მეკითხებით, აქვს თუ არა თავად სომხეთს კითხვები?
ჩვენ რუსეთთან დინამიკურად ვავითარებთ ურთიერთობებს და დიახ, შეიძლება იყოს კითხვები, რომლებზეც სხვადასხვა პასუხი გვაქვს. ეს ნორმალურია. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს რაღაც სკითხებში, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები, საერთო ჯამში, დინამიკურად ვითარდება.
ჩვენთვის, და ამას ყოველთვის ვაცხადებთ, რომ პრობლემურია რუსული იარაღის აზერბაიჯანისთვის მიყიდვის საკითხი. არამხოლოდ რუსეთის, ოდკბ-ის სხვა წევრების მხრიდანაც. ამ საკითხს ყოველთვის ვაყენებთ, მაგრამ პარალელურად ურთიერთობებს ვამყარებთ. მსოფლიოში არ არსებობს ორი ქვეყანა, რომელიც ყველაფერში ეთანხმება ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში, ვერ ვიქნებით სუვერენული ქვეყანა და საკუთარი საგარეო პოლიტიკა არ გვექნება.
ჩვენ ღიად განვიხილავთ ყველა საკითხს, და ეს საკითხები არ უნდა უშლიდეს ხელს ურთიერთობების განვითარებას.
პუტინის ვიზიტამდე პრესა წერდა, რომ პუტინი პატიმრობაში მყოფ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს შეხვდება. პუტინის ვიზიტის შემდეგ კი მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრნობით წერდა, რომ ის ქოჩარიანის ცოლს შეხვდა. ეს სიმართლეა?
დიახ, დაწერეს და, როგორც უკვე ვთქვი, არსებობს პრესა, რომელიც მანიპულირებს და ასეთ სტატიებს წერს. მე არ ვიცი, არ მაქვს ასეთი ცნობა, რომ მსგავსი შეხვედრა შედგა. ამის შესახებ მხოლოდ ქოჩარიანის მხარდამჭერები საუბრობენ. რომც გამართულიყო ეს შეხვედრა, ის იყო კერძო შეხვედრა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებთან.
არსებობს ვარაუდიც, რომ რუსეთი სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს ქოჩარიანისა და პუტინის ურთერთობების ფაქტის გათვალისწინებით.
სომხეთის ხელისუფლება 100 პროცენტით ლეგიტიმურია. მაგრამ არსებობს ადამიანთა მცირე ჯგუფები, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული და ცდილობენ ადამიანებით მანიპულაციას.
ამ ჯგუფს არ აქვს ადამიანების მხარდაჭერა, ეს აჩვენა ბოლო არჩევნებმა, მაგრამ ამ ჯგუფს აქვს ბევრი ფული და პრესაზე გავლენები. სწორედ ასეთი ტიპის ხალხი დგას მსგავსი ჭორების უკან. მაგრამ ვფიქრობ, რომ გარე სამყარომ, მათ შორის რუსეთმა, მშვენივრად იცის, რეალურად რა ხდება სომხეთში, რომელ პოლიტიკურ ძალებს აქვთ მხარდაჭერა და რომელს არ აქვთ. ასე რომ, ვიმედოვნებ, არავის სურს და არც ჩაერევა სომხეთის შიდა პოლიტიკაში.
სომხეთში ვიზიტით მყოფი პუტინი დაკავებული ექსპრეზიდენტის, ქოჩარიანის ცოლს შეხვდა