ახალი ამბები

“თქვენ გძულთ ქალები… ეს ხართ ამის მერე, მეტი არაფერი”, – წულუკიანი ხაზარაძეს მიმართავს

3 ოქტომბერი, 2019 •
“თქვენ გძულთ ქალები… ეს ხართ ამის მერე, მეტი არაფერი”, – წულუკიანი ხაზარაძეს მიმართავს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის კომენტარს ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით,

წულუკიანი მიიჩნევს, რომ “რაკი ამ განცხადების ადრესატი არც ოპოზიციონერი და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ არის, ამ უმსგავსო განცხადებას „ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები“, სავარუდოდ, არ გამოეხმაურებიან”.

“ისევე, როგორც არასოდეს არ გამოხმაურებიან ჩემზე გენდერული ნიშნით თავდასხმებს და გენდერული ნიშნით კიდევ სხვა პოლიტიკოს ქალზე თავდასხმას, სახელად: „ქალო, რით ვერ ისწავლე ქართული, გნუ ხარ?“. ჰოდა, მე გამოვეხმაურები. იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ის, ვისაც ჰქვია საჯარო საქმიანობაში ჩართული ქალი. ვცდილობ მაინც.

ბ-ნო ლელო მამუკა, თქვენ ამ განცხადებით საკუთარი გარემოცვის ქალებს აყენებთ შეურაცხყოფას, ეს იცით? თუ არ იცით, ახლა გეცოდინებათ. პოლიტიკაში “მოსვლა” რომ გინდათ, ასეთი განცხადებებით აპირებთ “მოსვლას”? თქვენ, ამ განცხადებით, ასევე, შეურაცხყოფას აყენებთ ყველა იმ ახალგაზრდა ქალს, რომელიც განათლებას ან იღებს, ანდა უკვე მიღებული აქვს და, ასე მგონია, არის თქვენზე განათლებულიც, თქვენზე ჯანსაღიც და თქვენზე უფრო მეტი ნდობის ღირსიც”, – წერს წულუკიანი.

მისი თქმით, “იმას მაინც არ იკადრებს არცერთი ქალი, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტში შეჰყოს თავი (იგულისხმება ანაკლია), “რომლის კეთების თავიც არ აქვს” და როცა გამოაშკარავდება, რომ არ აქვს თავი, თავის დასაძვრენად პოლიტიკური პარტიის შექმნა დაიწყოს”.

“ისე ხდება, რომ ხაჭაპურების ცხობაში მახსოვრობა გვივარჯიშდება ხოლმე ქალებს და დიდხანს გვახსოვს რაღაცები. გასაგებია, რომ თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გაბედა და გამოჰყო. ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი. ჩემს გამომცხვარ ჭვიშტარს კი ვერ ეღირსებით დიდხანს, რადგან არ მცალია, ბევრი საქმე მაქვს და, თანაც წინ, 2020 წლის არჩევნები მაქვს მოსაგები. მე, ქალს. იხუმრა, ეგონა, ალბათ…”, – წერს წულუკიანი.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მაია ცქიტიშვილი “შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს”, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ინფრაქტურაზე.

ამ თემაზე:

“შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს…” – ხაზარაძის სექსისტური განცხადება ცქიტიშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი