ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” “შეუსრულებელი მისია”

23 მარტი, 2015 •
“ნაციონალური მოძრაობის” “შეუსრულებელი მისია”

საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, თუმცა უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის შესახებ პარლამენტს შეიძლება მიმართოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორმა მეხუთედმა, ანუ 60-მა დეპუტატმა.

 

დღევანდელი მოცემულობით, პარლამენტში კოალიცია “ქართული ოცნება” 87 მანდატს ფლობს, ხოლო ენმ – 51-ს, თუმცა ამჟამად საპარლამენტო უმცირესობას არა 51, არამედ 49 წევრი ჰყავს, რადგან ნაული ჯანაშია, რომელიც მარტვილის რაიონის მაჟორიტარი იყო, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ხოლო ლევან თარხნიშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გოგი ოჩიაურს ცვლის, დეპუტატი ოფიციალურად მომდევნო კვირაში გახდება.

 

გარდა “ოცნებისა” და ენმ-ს წევრებისა, პარლამენტში 4 დამოუკიდებელი, უფრაქციო პარლამენტარი მუშაობს: გია გაჩეჩილაძე, დავით ბეჟუაშვილი, კობა დავითაშვილი და მურმან დუმბაძე. კობა დავითაშვილი პოლიტიკურ საპარლამენტო საქმიანობაში აღარ მონაწილეობს, გია გაჩეჩილაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ იგი და მისი პარტია (მწვანეთა პარტია) უმრავლესობასთან მეგობრობენ, ამიტომ ენმ-ს ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. დავით ბეჟუაშვილმა ჯერჯერობით ნეტგაზეთის შესაბამის შეკითხვას არ უპასუხა. სამაგიეროდ უკვე ცნობილია, რომ ენმ-ს ინიციატივას მხარს დაუჭერს “ოცნების” ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე, რომელმაც ნეტგაზეთს უთხრა, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი მან ენმ-ზე ადრე დაიწყო გასული წლის აგვისტოში, როდესაც თავისი გავლენა გამოიყენა და აჭარის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა:

 

“ვინ დასვამს საკითხს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, რა საკითხი იქნება ეს. ეს პროცედურა დავიწყე მე აჭარის უმაღლეს საბჭოში, 2014 წლის აგვისტოში. თუ ჩემს ხელმოწერას ნახავთ იმ ქაღალდზე, რომელსაც ენმ გაავრცელებს, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს კი არ არის ჩემი მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, არამედ პირიქით, ეს პროცედურა პირადად მე დავიწყე 7-8 თვის წინ და ენმ-მ მომბაძა”, – ამბობს დუმბაძე.

 

თავისუფალ დემოკრატებს პარლამენტში 8 წევრი ჰყავთ. მათმა ლიდერებმა დღეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. ირაკლი ალასანიამ, ვიკა დოლიძემ და გია ცაგარეიშვილმა მათი მხრიდან ენმ-ს ინიციატივის მხარდაჭერა გამორიცხეს, ხოლო შალვა შავგულიძემ  – არა:

 

“საზღვარგარეთ არიან ჩვენი [ლიდერების] ძირითადი ნაწილი, ირაკლი ალასანიაც საზღვარგარეთ არის, ირაკლი ჩიქოვანიც, ნინო გოგუაძეც. ამ დღეებში ჩამოვლენ და ჩამოვყალიბდებით. გააჩნია, რა შემოთავაზებაა, რა პოზიციაა, გავლა უნდა ამას. არ ვიცი, რას გვთავაზობენ, როგორ აყენებენ საკითხს და როგორ გავაკეთო შეფასება? ეკონომიკური კრიზისი დგას, გასაგებია, მაგრამ აქედან გამოსავალის პოვნა შეიძლება სხვადასხვა გზით. ჯერ სრულფასოვანად ისიც არ ვიცი, რას გვთავაზობენ. მხოლოდ მთავრობის გადაყენება? რომ გადავაყენებთ, შემდეგ რა ვქნათ? დალაპარაკება [ენმ-სთან], რა თქმა უნდა, საჭიროა და პოზიციის გაგება”, – გვითხრა შავგულიძემ.

 

რაც შეეხება იმას, თუ რას სთავაზობს ენმ პარლამენტს, სერგო რატიანი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ საუბარია მოქმედი მთავრობის გადაყენებაზე და ახალი, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე. ლაპარაკია დროებით გარდამავალ მთავრობაზე, რომელიც 2016 წლის არჩევნებამდე იმუშავებს:

 

“ჩვენ უკვე გვაქვს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.  რასკვირველია, შემდეგ კიდევ დავილაპარაკებთ და სხვა პარტიასაც შეუძლია გვითხრას სხვა ხედვები თუ შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება დაემატოს მას. ეს უნდა იყოს ტექნიკური მთავრობა… გარდამავალი, დროებითი მთავრობა და არა პოლიტიკური. არსებობენ სპეციალისტები, პროფესიონალები, რომელთაც ჩააბარებ მართვას დროებით, სანამ ჩატარდება არჩევნები. ჩვენ ნამდვილად არ ვგეგმავთ არჩევნებამდე ხელისუფლებაში მოსვლას. მანდატი უნდა მოგვცეს ხალხმა, თუმცა რახან ასეთი მდგომარეობაა, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა”, – გვითხრა სერგო რატიანმა. რა მექანიზმით უნდა შეირჩნენ ახალი მინისტრები, რომლებმაც ზემოხსენებული გეგმა სისრულეში უნდა მოიყვანონ, ჯერჯერობით მოფიქრებული არ არის.

 

საბოლოო ჯამში, თავისუფალმა დემოკრატებმაც რომ მიიღონ უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრაში მონაწილეობა, ენმ 60 ხმას მაინც ვერ აგროვებს, სერგო რატიანი არ ფიქრობს, რომ მათ წინაშე შეუსრულებელი მისია დგას და უმრავლესობის შიგნით ცალკეული დეპუტატებისა თუ ფრაქციების მხარდაჭერის იმედი აქვს:

 

“უმრავლესობაშიც იქნებიან ადამიანები, ვისთვისაც ცხადია, რომ ქვეყანა უკან-უკან მიდის… კრიზისია, მთავრობას არ აქვს გეგმა და აუცილებელია მისი შეცვლა. წესით, რესპუბლიკელებიც შეიძლება იყვნენ… ბოლოები გადიან თუ არა კოალიციიდან, არ ვიცი, მაგრამ იგივე მოსმენების კანონთან დაკავშირებით, საყდრისთან დაკავშირებით გვახსოვს მათი განსხვავებული მიდგომები და ვურჩევდი, რომ ამ შემთხვევაშიც [ეს გზა აირჩიონ]”. რატიანი ფიქრობს, რომ კრიზისის გაღრმავების პირობებში პოლიტიკოსებს საპარლამენტო უმრავლესობიდან უბრალოდ არ ექნებათ იმის ფუფუნება, რომ მოქმედი მთავრობის გადაყენების იდეა არ გაიზიარონ. ჯერჯერობით მსგავსი დეკლარირებული განზრახვა რესპუბლიკელებს არ გააჩნიათ, ყოველ შემთხვევაში, ლევან ბერძენიშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში ენმ-ს ინიციატივის მხარდაჭერა გამორიცხა.

 

60 დეპუტატის ხელმოწერა მხოლოდ უნდობლობის გამოცხადების დაწყების პოლიტიკური პროცესისათვის იქნება საკმარისი. იმისათვის, რომ მთავრობა გადადგეს, არა 60 არამედ 76 დეპუტატის ხმაა საჭირო. კონსტიტუციის მიხედვით, უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრასთან დაკავშირებით კენჭისყრა იმართება არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 25 დღისა. თუ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის თაობაზე, პარლამენტის იმავე წევრთა მიერ უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის შესახებ პარლამენტისთვის მიმართვა კენჭისყრიდან ექვსი თვის განმავლობაში დაუშვებელია. სერგო რატიანის თქმით, პარტიაში სწორედ იმაზე მსჯელობენ, როდის დაიწყონ პროცესი, როცა გარანტირებული 60 ხელმოწერა ექნებათ, თუ -76 ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი