ახალი ამბები

NDI-ის კვლევით, “ოცნების” ამომრჩევლის 20%-ზე მეტი 20 ივნისზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

2 ოქტომბერი, 2019 •
NDI-ის კვლევით, “ოცნების” ამომრჩევლის 20%-ზე მეტი 20 ივნისზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

NDI/CRRC-ის ივლისის კვლევით, მოსახლეობის უმრავლესობა 20 ივნისის აქციაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს აკისრებს, თუმცა, რას ფიქრობენ უშუალოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები?

ამ კითხვაზე პასუხის მიღება შესაძლებელია კროსტაბულაციით, რომლის გაკეთების შესაძლებლობასაც  CRRC-ის ვებგვერდი და  ODA იძლევა.

გამოკითხვის მიხედვით, 20 ივნისის მოვლენების შესახებ მოსახლეობის 92 პროცენტს სმენია. ამ 92%-ის ნახევარზე მეტი, 55% პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს აკისრებს.

რაც შეეხება კროსტაბულაციასა და უშუალოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერების შეხედულებებს. მმართველი პარტიის ამომრჩევლის (ის, ვინც ხვალ რომ არჩევნები იყოს, მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა და “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას) 20 პროცენტი პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს, 2 პროცენტი- პოლიციას, 2 პროცენტი კი- უშუალოდ გიორგი გახარიას, რომელიც იმ დროს შს მინისტრი იყო. “ქართული ოცნების” ამომრჩევლის თითქმით, 40 პროცენტი პასუხისმგებლობას ენმ-სა და ოპოზიციას აკისრებს, ხოლო 16%-ის თქმით, კითხვარში დასახელებული ყველა აქტორი ერთნაირადაა პასუხისმგებელი.

ენმ-ის მომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

 

“ქართული ოცნების” ამომრჩევლების 49% ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ სათანადო ძალა გამოიყენა აქციის დაშლისას, 40%-ის თქმით, ეს ძალა გადამეტებული იყო.

კვლევა მიმდინარე წლის  13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის ცდომილება 1.7%-ია. საველე სამუშაოები “CRRC – საქართველომ” ჩააატრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი