კრიმინალური ავტორიტეტი შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი 2 ოქტომბერს უკრაინაში, კიევში სპეცოპერაციისას, სამართალდამცავებთან წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს.
„ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს ჭიჭიაშვილის დაღუპვა, თუმცა სიკდილის გარემოებები არ დაუზუსტებიათ.
უკრაინის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშენკოს ცნობით, 10 დღის წინ დოკუმენტების შემოწმებისას უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინელ სამართალდამცავებს. ინციდენტის შემდეგ, კრიშენკოს თანახმად, პოლიციამ დაადგინა თავდამსხმელის ვინაობა და ადგილმდებარეობა — იგი კიევთან ახლოს, სოფელ ხოტიანივკაში იმალებოდა, სამშენებლო ვაგონში.
უკრაინის პოლიციის უფროსის ცნობით, 2 ოქტომბერს, სპეცოპერაციისას მან ორი პისტოლეტიდან გაუხსნა ცეცხლი უკრაინელ სამართალდამცავებს, იმის მიუხედავად, რომ დანებების შანსი მისცეს, და ორმხრივი სროლისას დაიღუპა. სპეცოპერაციისას ორი სამართალდამცავი დაიჭრა.
შოთა ჭიჭიაშვილი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა. ედუარდ შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ჭიჭიაშვილს „ნომერ პირველ ტერორისტად“ მოიხსენიებდა.
ის 2003 წლის ივნისში რუსეთში დააკავეს და 2004 წლის იანვარში გადასცეს საქართველოს. ჭიჭიაშვილს ბრალად ედებოდა ორი ესპანელი ბიზნესმენის გატაცება (2000 წელს), ასევე, პარლამენტის წევრ პეტრე ცისკარიშვილისა და ბრიტანელი ბანკირის, პიტერ შოუს გატაცება (2002 წელს).
2005 წელს 22 წელი მიუსაჯეს, თუმცა 2013 წელს, — ამნისტიისა და სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ, — ციხიდან გამოვიდა.
2017 წელს ჭიჭიაშვილის გვარი დაასახელეს, როგორც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობის შემსრულებელი, თუმცა ამასთან დაკავშირებით ბრალი არ წაუყენებიათ.
იმავე წელს ჭიჭიაშვილმა „რუსთავი 2“-ს მისცა ინტერვიუ, სადაც უარყო მონაწილეობა პიტერ შოუს გატაცებაში, თუმცა ესპანელი ბიზნესმენებისა და ცისკარიშვილის გატაცება აღიარა და თქვა, რომ ამის გამო სასჯელი მოხდილი ჰქონდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პარლამენტარი, ამჟამად „ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე სწორედ ჭიჭიაშვილს ასახელებდა 2016 წლის ოქტომბერში მისი მანქანის აფეთქების დამგეგმავად. ჭიჭიაშვილი ამასაც უარყოფდა.
როგორც თარგამაძემ „ნეტგაზეთს“ 2 ოქტომბერს განუცხადა, მისი ინფორმაციით, ჭიჭიაშვილი ბოლო დროს რუსეთში, მოსკოვში იყო ხოლმე და გარკვეულ პერიოდში კრიმინალური ავტორიტეტის, შაქრო კალაშოვის დისშვილის კუთვნილ რესტორანში ჩნდებოდა.
თარგამაძის ინფორმაციითვე, მას ჰქონდა უკრაინული პასპორტიც, სხვა სახელითა და გვარით გადაადგილდებოდა და უკრაინაში რამდენჯერმე იყო ბოლო წლებში ნამყოფი.