2018 წლის ოქტომბრის კანაფის ფესტივალის საქმეზე “გირჩის” წევრები შსს-ში დაიბარეს. როგორც პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, იმ პირებს შორის, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ, არიან იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და “გირჩის” სხვა ლიდერებიც.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქმე ეხება 2018 წელის 20 ოქტომბერს ჩატარებულ კანაფის ფესტივალს.
ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებაში ამბობენ, რომ “გირჩის” წევრები უწყებაში საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.
თავად ჯაფარიძე შსს-ში დაბარებას “გირჩის” ბოლო აქტივობას უკავშირებს ტაქსების ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გუშინ თეთრის გარდა სხვა ფერის მანქანით მძღოლებს მგზავრების გადაყვანა აეკრძალათ, ჯაფარიძე საკუთარი მუქი ნაცრისფერი მანქანითა და ტაქსის ტრაფარეტით მოძრაობდა ქუჩაში, რის გამოც 200 ლარით დააჯარიმეს კიდეც.
“გირჩის” მიერ ორგანიზებული “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე” შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯამში, 11 ადამიანი დააკავა მათ შორის, თავად ზურა ჯაფარიძეც. უწყებაში განმარტავდნენ, რომ ამის მიზეზი ფესტივალის ორგანიზება და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა იყო.
ფესტივალთან დაკავშრებით გამოძიება სსკ-ს 273-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც მარიხუანის უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.