თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა გაიზრდება.
კახა კალაძე აღნიშნავს, რომ მერიას სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ადგილები აქვს გამოყოფილი, თუმცა სამშენებლო ობიექტები არღვეენ ამ კანონს და ნაგავს სხვადსხვა ადგილას ყრიან. როგორც კალაძე აღნიშნავს, კანონპროექტი უვე მზადაა და მალე პარლამენტს წარედგინება:
“თუ აქამდე ფიზიკური პირის შემთხვევაში 1 კუბურ მეტრამდე სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა 200 ლარი იყო, ხოლო იურიდიულზე- 500 ლარი, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს გაზრდას: ფიზიკურ პირზე- 1000, ხოლო იურიდიულ პირზე – 3 000 ლარამდე” – ამბობს დედაქალაქის მერი.
კალაძის თქმით, ჯარიმა დამოკიდებული იქნება დაყრილი ნარჩენების ოდენობაზე. მაგალითისთვის, კალაძის თქმით, 1 კუბურ მეტრ და მეტ სამშენებლო ნარჩენებზე ჯარიმა არსებული კანონმდებლობით შეადგენს 500 ლარს, იურიდიულზე კი- 1500 ლარს.
ცვლილებების მიხედვით კი, ჯარიმის მოცულობა ფიქსირებული აღარ იქნება და 1-დან 10 კუბურ მეტრამდე ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი- 6 000 ლარით. 10-დან 50 კუბურ მეტრამდე სამშენებლო ნაგვის დაყრისთვის კი ფიზიკური პირი 10 000, იურიდიული – 30 000 ლარით დაჯარიმდება. 50 კუბური მეტრის ან მეტი რაოდენობის ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 30 000, იურიდიულისთვის კი 50 000 ლარამდე იზრდება.
ამასთან, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ჯარიმა გაიზრდება სამედიცინო ნარჩენების არასწორად განთავსებისთვისაც. კახა კალაძის თქმით, არის შემთხვევები, როცა სამედიცინო ნარჩენები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნაში იყრება, რაც ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს ზრდის.
დედაქალაქის მერის განცხადებით, სამედიცინო ნარჩენების არასწორად განთვსებისთვის ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 12-ჯერ გაიზრდება და თუ აქამდე 400 ლარს შეადგენდა, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში 5000 ლარი გახდება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 1000-დან 10 000 ლარამდე გაიზრდება.