პარლამენტში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა გადაიდო.
კენჭისყრის გადადების მიზეზი ხათუნა გოგორიშვილის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტს მხოლოდ სემეკის წევრის წარდგენის უფლება აქვს.
ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ “დამატებითი კონსულტაციის” მიზეზით კენჭიყრის პროცესი გადადო.
“პრეზიდენტს, როგორც ჩანს, სხვა პრობლემებთან ერთად იურიდიული კონსულტაციის პრობლემაც აქვს. მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლის გვეუბნება, რომ პრეზიდენტმა მხოლოდ კონტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს.
კანონი ადგენს ჩამონათვალს, ვისი წარდგენის უფლება აქვს პრეზიდენტს და ამ ჩამონათვალში პრეზიდენტს მხოლოდ სემეკის წევრის წარდგენის უფლება აქვს. თუ პარლამენტი დღეს ამ დადგენილებას უყრის კენჭს, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება,”-განაცხადა გოგორიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს კონსტიტუციის 52-ე მუხლი განსაზღვრავს. ამ მუხლის დ) პუნქტში ვკითხულობთ, რომ მთავრობის წარდგინებით პრეზიდენტი პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს.
ხოლო იგივე მუხლის ი) პუნქტში წერია, რომ პრეზიდენტი მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს.
პრეზიდენტმა მთავრობის წარდგინებით დავით ნარმანია პარლამენტს “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის თანახმად წარუდგინა. ამ კანონის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით პარლამენტს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად კომისიის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას წარუდგენს.