ახალი ამბები

გაერკვიეთ, “ქრისტიან-დემოკრატობა” რას ნიშნავს – სამადაშვილი ენმ-ის იდეოლოგიაზე დისკუსიის შესახებ

1 ოქტომბერი, 2019 •
გაერკვიეთ, “ქრისტიან-დემოკრატობა” რას ნიშნავს – სამადაშვილი ენმ-ის იდეოლოგიაზე დისკუსიის შესახებ

“უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაიყენებთ მომავალში თავს, გაერკვიეთ, ‘ქრისტიან-დემოკრატობა’ რას ნიშნავს, სანამ ამ იდეოლოგიის მოქნევით ეკლესიისადმი საკუთარი აღმატებული დამოკიდებულების დაფიქსირებას შეეცდებით”, – ამ განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ენმ-ის წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი აკეთებს.

ის ეხმაურება დისკუსიას ენმ-ის იდეოლოგიის თაობაზე, რომელიც პარტიაში მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ყოფილ თანაგუნდელ გიგა ბოკერიაზე განცხადების შემდეგ დაიწყო.

“პოლიტიკური იდეების შიმშილია ქვეყანაში, ივანიშვილი ამ შიმშილის ბიუჯეტის ფულის ფლანგვით ამოვსებას ფიქრობს. მას მხოლოდ საერთო ეროვნული იდეით შეიძლება დაუპირსპირდე-თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს იდეით. სახელმწიფოსი, რომელშიც პოლიტიკური ადგილი ყველა იდეას ექნება-ლიბერალურს, კონსერვატორულს, სოციალისტურს, მემარჯვენეს და მემარცხენესაც. მაგრამ ამ მიზნამდე რომ მივიდეთ, დღეს, როდესაც სახელმწიფო მიტაცებული აქვს რუს ოლიგარქიულ რეჟიმს, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ფუფუნება, საკუთარი პარტიული დღის წესრიგი დააყენოს საერთო ეროვნულ იდეაზე მაღლა. ამიტომ ყველა პოზიცია, რომელიც შეუძლებელს ხდის თანამშრომლობას დასავლური ორიენტაციის დემოკრატიულ პარტიებს შორის, ვინც არ უნდა აფიქსირებდეს მას, არის და იქნება ჩემთვის პირადად მიუღებელი.

დაბოლოს, ქრისტიანულ-დემოკრატიული და, შესაბამისად, დიახ, ლიბერალური პოლიტიკური იდეოლოგიის პირმშოა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპი, პირველ რიგში, როგორც რეაქცია კათოლიკური ეკლესიის დომინირებაზე. მოიგონეს, რადგან სჭირდებოდათ, განსხვავებით მართლმადიდებლური სამყაროსგან, სადაც ეკლესია არასდროს ყოფილა საერო ხელისუფლების წყარო. ასე რომ, უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაიყენებთ მომავალში თავს, გაერკვიეთ, ‘ქრისტიან-დემოკრატობა’ რას ნიშნავს, სანამ ამ იდეოლოგიის მოქნევით ეკლესიისადმი საკუთარი აღმატებული დამოკიდებულების დაფიქსირებას შეეცდებით”, – წერს სალომე სამადაშვილი.

ამავე თემაზე

მიშა და რელიგიური ნიშა

მიშა და რელიგიური ნიშა

მასალების გადაბეჭდვის წესი