Interviewsახალი ამბები

ზალკალიანი პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში, 15-18 ოქტომბრის კვირაში მივა

1 ოქტომბერი, 2019 • 1395
ზალკალიანი პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში, 15-18 ოქტომბრის კვირაში მივა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის საკითხზე ენმ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე იბარებს, საკანონმდებლო ორგანოში 15-18 ოქტომბრის სასესიო კვირაში, “მინისტრის საათის” ფორმატში მივა.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, ზალკალიანი საკომიტეტო მოსმენას აარიდოს, სადაც პოლემიკის შესაძლებლობა იქნება, პლენარულ სხდომაზე კი მას სასათბურე პირობები შეუქმნას.

“თქვენ ფინანსთა მინისტრი იმიტომ ჩაანაცვლეთ საგარეო საქმეთა მინისტრით, რომ ის არ მოვიდეს საკომიტეტო მოსმენაზე”, – მიმართა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.

“ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მინისტრები კანონის მოთხოვნას უგულებელყოფენ და საკომიტეტო მოსმენის ნაცვლად პლენარული სხდომის ფორმატში გამოდიან.

“კომიტეტზე არის შესაძლებლობა, რომ იყოს მოკლე კითხვა და პასუხი. პლანარულ სხდომაზე კი ხდება კითხვების დაგროვება. სიტყვაზე, შეიძლება მინისტრმა 60 კითხვა დააგროვოს და 57-ე კითხვას ან უპასუხებს ან არა”, – აღნიშნა კანდელაკმა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გრაფიკში ცვლილებები შევიდა და საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში უფრო ადრე მოვა, რათა უპასუხოს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ყველა დეპუტატის კითხვებს.

“ჩვენ გადმოვწიეთ და დავაჩქარეთ მისი მოსვლა პარლამენტში. ეს, რა თქმა უნდა, არ აუქმებს კომიტეტზე მისი გამოცხადების საკითხს, რომელიც თქვენ გაქვთ მოთხოვნილი. კომიტეტი შეგატყობინებთ, როდის მოხდება მისი საკომიტეტო მოსმენის ფორმაში მოსმენა. ჩემი ინფორმაციით, დავით ზალკალიანი ამჟამად მივლინებაში იმყოფება და თარიღი დასაზუსტებელია, დამატებით ინფორმაციას კომიტეტი მოგვიანებით მოგაწვდით“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

“ერთიანი ნაციოლაური მოძრაობა” საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იბარებს. როგორც რომან გოცირიძე ამბობს, ზალკალიანმა პარლამენტში უნდა განმარტოს, თუ რატომ შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საზოგადოებისგან ფარულად და დეპუტატებს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რაზე ესაუბრა სერგეი ლავროვს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს კომიტეტმა მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი