ახალი ამბები

ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

1 ოქტომბერი, 2019 • 4106
ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ქურდული სამყაროს წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, — იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ს ცნობითვე, საქმეში ფიგურირებენ თურქეთსა და რუსეთში მყოფი „კანონიერი ქურდები“ — „ჯეირანა“ და „ასატრინა“.

მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძის თანახმად, დაკავებულებს 3-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პირველ ოქტომბერს ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულებს, 1976 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევ ი.კ-ს და 1982 წელს დაბადებულ გ.გ-ს, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ ბრალი, ხოლო წარსულში ნასამართლევ ორ პირს – 1979 წელს დაბადებულ გ.მ-ს და 1981 წელს დაბადებულ კ.ა-ს, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვას ედავებიან.

„პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის – კ.ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით თანხა – 87 ათასი ამერიკული დოლარი. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“, — წერია შსს-ს გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოძიების თანახმად, 2018 წლის ნოემბერში ბიზნესპარტნიორებმა – გ.მ-მ და კ.ა-მ „ფინანსური დავის გადასაწყვეტად, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, ქურდული სამყაროს წევრების – ი.კ-სა და გ.გ-ს მეშვეობით, ცალ-ცალკე მიმართეს თურქეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციაში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს – ჯეირან კინწურაშვილს (მეტსახელად „ჯეირანას“) და ედუარდ ასატრიანს (მეტსახელად „ასატრინას“)“.

გამოძიების ვერსიითვე, კანონიერმა ქურდებმა დავის გადაწყვეტამდე ბიზნესპარტნიორების ფინანსური დავის შესწავლა ქურდული გარჩევით დაავალეს თავიანთ ნდობით აღჭურვილ პირებს, რომლებიც შეხვდნენ ბიზნესპარტნიორებს და მათ შუამავლებს – ქურდული სამყაროს წევრებს.

შსს-ს თაანხმად, „კანონიერმა ქურდმა“ ჯეირან კინწურაშვილმა ფინანსური დავის გადასაწყვეტად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად მოდავე მხარეები თურქეთის რესპუბლიკაში დაიბარა, ამ შეხვედრაზე კი კინწურაშვილმა დავა ნაწილობრივ ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მეორე პირის შუამავალს 45 ათასი აშშ დოლარის თურქეთში ჩატანა დაავალა.

„დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ჯეირან კინწურაშვილმა ქურდული გარჩევა თურქეთში კიდევ ორჯერ – 2019 წლის 22 და 29 იანვარს მოაწყო, თუმცა ფინანსური დავა საბოლოოდ ვერ გადაწყდა“, — წერს შსს.


გამოძიება მიმდინარეობს ქურდული სამყაროს წევრობის, ასევე, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-პრიმა ოთხი მუხლის 1-ლი ნაწილით.

შსს აცხადებს, რომ 2018 წელს, „ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის მიზნით“, სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების საფუძველზე გააფართოვა „ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე“.

„კერძოდ, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, — წერს შსს.

უწყების თანახმად, 2018 წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მათ შორის ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, ჯამში, პასუხისგებაში მიცემულია კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობისა და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული სხვა მძიმე დანაშაულებების ბრალდებით 274 პირი, მათ შორის 16 კანონიერი ქურდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი