თბილისში თავდამსხმელებმა ქალი, სავარაუდოდ, ცხელი უთოთი აწამეს და შემდგომ ბლაგვი საგნით სცემეს. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი“ მეზობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეზობლები ტელეკომპანიასთან საუბრისას ამბობენ, რომ შემთხვევა დღეს, 30 სექტემბერს მოხდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ თავდამსხმელებმა იცოდნენ, რა დროს იმყოფებოდა ქალი სახლში მარტო. შემთხვევის შემდეგ კი სახლიდან დიდი ოდენობის თანხა და ოქროულობა წაიღეს.
მეზობლები ასევე ამბობდნენ, რომ თავდასხმამდე ქალს შვილების დახოცვით დაემუქრნენ.
ქალი ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მას თავის ტყვინის შერყევა, სხეულისა და გულმკერდის ზედაპირული ტრავმები აღენიშნება.
ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით “ბ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევის შედეგად ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.