ახალი ამბები

სახელმწიფო ვალის დასაფარად 2020 წელს 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება – ბიუჯეტის პროექტი

30 სექტემბერი, 2019 • 1869
სახელმწიფო ვალის დასაფარად 2020 წელს 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება – ბიუჯეტის პროექტი

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 1.32 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. აქედან, საგარეო ვალის ძირითადი თანხის დაფარვისთვის – 950 მილიონი ლარი, ხოლო პროცენტის გადახდისთვის – 370 მილიონი ლარი.

რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას 2020 წლის ბოლოსთვის, პროექტის მიხედვით, ის განისაზღვრება 22 681 700 000 ლარის ოდენობით; მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 17.7 მილიარდი ლარით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი – 4.9 მილიარდი ლარით.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ მონაცემების გამოთვლისას „გამოყენებულია გაცვლითი კურსები 27.09.2019-ის მდგომარეობით: 1 აშშ დოლარი = 2,98 ლარს; 1 ევრო = 1,09 აშშ დოლარს… საქართველოს სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა გადაანგარიშდება შესაბამის პერიოდში მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით“.

შედარებისთვის – 2019 წლის ბიუჯეტში საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის საჭირო თანხის ოდენობა 43 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში, 1 მილიარდ 273 მილიონი ლარით განისაზღვრა. „დამატებითი რესურსის გამოყოფის საჭიროება მათ შორის გამოწვეულია ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით“,- აცხადებდა მთავრობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით კი, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.5 მილიარდი აშშ დოლარი [21.6 მილიარდი ლარი]. ამავე პერიოდისთვის საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385.3 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 18.2 მილიარდი აშშ დოლარი [52,2 მილიარდი ლარი] შეადგინა. მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს, როგორც სახელმწიფო [სამთავრობო სექტორის, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი], ასევე კერძო სექტორის [საბანკო და სხვა სექტორები] საგარეო ვალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი