მიმდინარე წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით ნახევარი მილიარდი ლარის მობილიზებას საქართველოს მთავრობა ფასიანი ქაღლდების გამოშვებით გეგმავს. 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, ჯამურად მოხდება 900 მილიონი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, ნაცვლად თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული 400 მილიონი ლარისა. ეს კი მთავრობის საშინაო ვალის 500 მილიონი ლარით გაზრდას ნიშნავს.
კანონპროექტის მიხედვით, „გასულ წელს განხორციელდა ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვება, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელდეს 2020 წლის იანვარში და, შესაბამისად, მიმდინარე წლის ბოლომდე საჭიროა რესურსების მობილიზება“.
მთავრობის ინფორმაციით, ბიუჯეტში რესურსის მობილიზება საჭირო გახდა ასევე მუნიციპალიტეტებში დაწყებული კაპიტალური პროექტების დამატებითი დაფინანსებისათვის.
ამასთან, „მობილიზებული რესურსის ნაწილი მიიმართება განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად, კერძოდ, ასაკით პენსიონერი იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების ჯილდოების გასაცემად, რომლებიც ტოვებენ განათლების სისტემას, ასევე რესურსები გათვალისწინებულია მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდისთვის“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საშინაო ფასიანი ქაღალდების ემისია 2009 წლიდან დაიწყო. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ან მოკლევადიანი საკასო სხვაობის დაფარვისათვის გამოიყენება.
2019 წლის ბიუჯეტში იზრდება ასევე საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის საჭირო თანხის ოდენობაც 43 მილიონი ლარით. ამ ცვლილების შეტანის შემდეგ კი, მიმდინარე წლის ბიუჯეტში საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისთვის საჭირო თანხა, ჯამში, 1 მილიარდ 273 მილიონი ლარით განისაზღვრება.
„დამატებითი რესურსის გამოყოფის საჭიროება მათ შორის გამოწვეულია ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით“ ,- აღნიშნულია კანონპროექტში.