ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაგრძელებას ჰპირდება

30 სექტემბერი, 2019 •
პუტინი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაგრძელებას ჰპირდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას “აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან” დაკავშირებით მისალოცი დეპეშა გაუგზავნა, სადაც აფხაზეთის უსაფრთხოების დაცვის გაგრძელებას დაჰპირდა.

“მიიღეთ გულითადი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის – გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე დინამიკურად ვითარდება.

მსურს დაგიდასტუროთ, რომ რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებას, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაში”, – წერია პუტინის განცხადებაში.

რუსეთმა აფხაზეთი, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. მოსკოვმა რამდენიმე წლის წინ გააფორმა სოხუმთან და ცხინვალთან ყოვლისმომცველი ხელშეკრულებები, რაც მოსკოვის მიერ ორივე ტერიტორიაზე თითქმის ყველა სფეროს რეგულირებას ითვალისწინებს. თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიებად აღიარებს, მოსკოვის მიერ მსგავსი შეთანხმებების გაფორმებას და სხვადასხვა სფეროზე კონტროლს აღნიშნული ტერიტორიების ანექსიის მცდელობად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი