ახალი ამბები

აშშ: 2013 წლიდან კუსტარული ნარკოტიკების გამოყენება საქართველოში 90%–ით შემცირდა

23 მარტი, 2015 •
აშშ: 2013 წლიდან კუსტარული ნარკოტიკების გამოყენება საქართველოში 90%–ით შემცირდა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შევიდა ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებაც, რაც საქართველომ 2014 წელს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ განახორციელა. 

ანგარიშის თანახმად, ნარკოტიკების უკანონო მოხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველომ ფართო საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. 2014 წელს საქართველომ  წამლების არალეგალურად გამოყენების გასაკონტროლებლად საგრძნობლად გააფართოვა იმ წამალთა ჩამონათვალი, რომელთა საყიდლად რეცეპტია საჭირო.

 

“შედეგად, 2013 წლიდან 90%–ით შემცირდა როგორც სახლში დამზადებული ნარკოტიკების გამოყენება, ასევე ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანა,”– აღნიშნულია ანგარიშში.

 

ანგარიშში ასევე წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 45 000–ია. ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა დაბალია ქალებსა და ახალგაზრდებში.

 

ანგარიშის თანახმად, ნარკოტრაფიკის მარშუტი იწყება ავღანეთსა და ირანში, გადის აზერბაიჯანზე ან სომხეთზე და საქართველოს გავლით მიემართება დასავლეთ ევროპისკენ, რუსეთისკენ ან თურქეთისკენ. 

 

ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს შშს–ს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში 2.7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სახმელეთო გზით გადატანილი ჰეროინის ამოღების, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ ოდენობას წარმოადგენს. 

 

ანგარიშში აშშ საქართველოს მოუწოდებს, რომ ნარკოდანაშაულის საპასუხოდ განაგრძოს თავისი ძლიერი სამართალდამცავი პოლიტიკა.

 

“აშშ განაგრძობს ტრენინგებსა და ტექნიკურ დახმარებას ნარკოტიკების კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს უწყებათაშორის თანამშრომლობას,”– ნათქვამია საქართველოს შესახებ ანგარიშის დასასრულს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი