ახალი ამბები

გახარიას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა – კვირიკაშვილი

28 სექტემბერი, 2019 •
გახარიას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა – კვირიკაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გიორგი გახარია უნდა გადამდგარიყო.

როგორც მან “ტვ პირველს” უთხრა, გახარიამ თანამდებობის დატოვებაზე უარის თქმით საკუთარი პოლიტიკური კარიერა დააზარალა:

“ვფიქრობ, პოლიტიკისთვის გაცილებით უკეთ შეინახავდა თავს [გადადგომის გადაწყვეტილება რომ მიეღო]. დარწმუნებული ვარ რომ თვალში სროლის ბრძანება გაცემული არ ყოფილა, მაგრამ რადგან მსგავსი ამბავი მოხდა, აქ უკვე არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. რომ ეთქვა ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს… მგონია რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა. რადგან მან გადადგომის გადაწყვეტილება არ მიიღო ამით მან საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დიდი ბზარი გაუჩინა. მას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა,”-აცხადებს კვირიკაშვილი.

20-21 ივნისის აქციის დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმემ დაკარგა თვალი, ადამიანთა ნაწილმა მიიღო მძიმე დაზიანებები. დაშავებულთა შორის იყო მედიის 40-მდე წარმომადგენელი და 80-მდე პოლიციელი. აქტივისტები და ოპოზიცია დარბევაზე პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან მაშინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი