ახალი ამბები

არმაზ ახვლედიანმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილება დროებით შეიჩერა

19 მარტი, 2015 • • 1269
არმაზ ახვლედიანმა  “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილება დროებით შეიჩერა

დავით საგანელიძემ დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და  განაცხადა,  რომ ამ თემაზე, სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს მომავალ სხდომაზეც იმსჯელებენ: 

 

“მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო, იმიტომ, რომ გარკვეული გაუგებრობები და პროტესტი უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან იყო გამოთქმული მის განცხადებასთან დაკავშირებით. ის დეპუტატებიც კი, რომლებიც ყოველგვარი პრობლემის გარეშე ფიქრობდნენ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევას, გარკვეული წნეხის ქვეშ არიან.  ის, რომ არმაზმა უფლებამოსილება შეიჩერა, ეს სწორია. მან განმუხტა ის დაძაბულობა, რომელიც არსებობდა. იქნება თუ არა ეს საკითხი პოლიტსაბჭოს მომავალ სხდომაზე განხილული, არ ვიცი, თუმცა, შეიძლება”.

 

კოალიცია  “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს  მდივან არმაზ ახვლედიანის მიერ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების დროებით შეჩერების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. 

 

კოლიცია “ქართული ოცნების” პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ინფორმაცია არმაზ ახვლედიანის მიერ პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერების შესახებ მათ არ გაუვრცელებიათ და გადაწყვეტილება ამის შესახებ თავად არმაზ ახვლედიანმა მიიღო. 

 

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე კომენტარისთვის არმაზ ახვლედიანსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. 

 

არმაზ ახვლედიანის მიერ კოლიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ინფორმაცია დღეს 
“ინტერპრესნიუსმა”  გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, მათ აღნიშნული განცხადება თავად არმაზ ახვლედიანმა მიაწოდა:

 

“ვწუხვარ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ჩემი ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც უზენაესი  სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ეხებოდა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. კვლავ ვიმეორებ, განსხვავებული აზრის პატივისცემა ჩემთვის უპირობო პრიორიტეტია. ამასთან, მივიჩნევ, რომ დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან წესრიგს და დისციპლინას. ვითვალისწინებ, რომ ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, აირჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ მსურს, რომ ჩემი ინტერვიუს საბაბით დაწყებულმა გაუგებრობამ თუნდაც ოდნავ შეუშალოს ხელი დეპუტატების არჩევანს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ, პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში შევიჩერო უფლებამოსილება, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განიხილება აღნიშნული ინტერვიუს გამო აგორებული უსაფუძვლო კომენტარების საკითხი”.

 

2013 წლის  8 აპრილს, “ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით,  გაერთიანების აღმასრულებელ მდივნად არმაზ ახვლედიანი დაინიშნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი