ახალი ამბები

ორმხრივი დიალოგი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არ ჩაანაცვლოს საერთაშორისო ფორმატები – გაფრინდაშვილი

27 სექტემბერი, 2019 • 1464
ორმხრივი დიალოგი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არ ჩაანაცვლოს საერთაშორისო ფორმატები – გაფრინდაშვილი

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის შესახებ საჭიროა მეტი სიცხადე და კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც გუშინდელ პროცესს აკლდა.

გაფრინდაშილის აზრით, უმჯობესია, ასეთი შეხვედრები დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდეს და სპონტანური ელფერი არ დაჰკრავდეს, როგორც ეს 26 სექტემბერს მოხდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტი რუსეთთან ორმხრივი დიალოგის მომხრეა.

“მომხრე ვარ ამგვარი შეხვედრების, თუკი მას გააჩნია, რა არის რეალური მიზანი. როდესაც გაქვს რეალური მიზანი და შესაბამისი ქვემიზნები, მაშინ, ბუნებრივია, საკითხს უნდა მიუდგე სისტემურად და, შესაბამისად, მე მხარს დავუჭერდი არა მხოლოდ ერთ შეხვედრას, არამედ შეხვედრების გაგრძელებასაც, თუკი შესაბამისი პირობები იქნება დაკმაყოფილებული”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გაფრინდაშვილმა.

მიზანი, გაფრინდაშვილის თქმით, დეოკუპაცია, ანექსიის არდაშვება, უკანონო ბორდერიზაციის შეჩერებაა, თუმცა არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებას ორ დღეში უკან წაიღებს.

“მაგრამ თეორიულად თუკი განვიხილავთ, რომ ამ მოცემულობაში შესაძლებელია შედარებით უფრო პატარა ნაბიჯების გადადგმა (პატარას ვეძახი, მაგრამ უზარმაზარი ჰუმანიტარული მნიშვნელობა აქვს), მაგალითად, გადაადგილების თავისუფლების ხელშეწყობაა, ამ მიმართულებით მუშაობა არათუ შეიძლება, გასააქტიურებელიცაა. ეს ერთი მიზანი – ჰუმანიტარული საკითხების მოწესრიგება – ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებდა, თუ ამას მოემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრა და მომავალი შეხვედრებიც”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ფუნდამენტური სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება ორმხრივი დიალოგის ფარგლებში.

“ორხმრივი დიალოგის ფორმატი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ პირობა უნდა იყოს, რომ მან არ ჩაანაცვლოს როგორც არსებული, ასევე, ხვალ შესაძლებელი საერთაშორისო ფორმატები. უპირველეს ყოვლისა კი, აქ ვგულისხმობ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობას ჩვენსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში”, – აღნიშნა გაფრინდაშვილმა და დასძინა, რომ ორმხრივ ფორმატში შეხვედრები უნდა მოემსახუროს შესაბამისი გადაწყვეტილებების მომწიფებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისთვის.

პაატა გაფრინდაშვილი ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციისა და ყველა რელევანტური აქტორის ჩართულობის აუცილებლობას, ვინაიდან ეს არის საერთო ეროვნული საკითხი, სადაც შიდა კონსენსუსი მხოლოდ გააძლიერებს მომლაპარაკებელს რუსეთთან დიალოგში. ამბობს, რომ ასეთ დიალოგში ჩართვის ან ჩაურთველობის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული ერთი პირის – ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილით.

“ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მიესალმა ამ შეხვედრას. რაზე იყო გათვლილი, არ ვიცით. შეხვედრაში ცალსახად არაფერი ცუდი არ არის, თუკი ის ემსახურება მთავარ სტრატეგიულ მიზანს და ასევე, სხვა მიღწევად მიზნებს, რომლებსაც ჰუმანიტაურლი ხასიათი აქვს”, – დასძინა პაატა გაფრინდაშვილმა.


ოფიციალური თბილისის ცნობით, შვეიცარია, რომლიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორ მხარეს წარმოადგენს, გამოვიდა ინიციატივით, საქართველომ გამოიყენოს გაერო-ს გენერალური ასაბლეის პლატფორმა იმისთვის, რათა რუსეთის ფედერაციასთან იმსჯელოს მიმდინარე პროცესებზე. შედეგად, 26 სექტემბერს ნიუ იორკში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საქართველოსა და რუსეთის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელების პირველი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  “განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი