კრემლი იმედოვნებს, რომ “თავის დროზე” შეიქმნება აუცილებელი და შესაფერისი პირობები საქართველოსთან ავიამომოსვლის აღდგენისთვის.
“ინტერფაქსის” ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ავიამიმოსვლა შეჩერებულია და არა სამუდამოდ შეწყვეტილი. პესკოვის თქმით, ავიამიმოსვლის აღდგენა საჭიროებს გარკვეული პროცედურების განხორციელებას ტრანსპორტის სამინისტროსა და “როსავიაციიის” ჩართულობით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინადადებას მხარს უჭერს.
საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
ამ თემაზე: