საკონსტიტუციო სასამართლომ ბრალდებულ ბექა წიქარიშვილის სარჩელი განსახილველად უკვე მიიღო. მოსამართლეები, სავარაუდოდ, აპრილში იმსჯელებენ იმაზე, თუ რამდენად კონსტიტუციურია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ბექა სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული. ბექას უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში “ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სწავლების ცენტრის“ იცავს. ორგანიზაციის იურისტი გურამ იმნაძე სარჩელში მიუთითებს: კონსტიტუციის მე-14 [ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა], მე-16 [ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება] და მე-17 მუხლების დარღვევაზე. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციის მე-17 მუხლთან შესაბამისობაზე იმსჯელებენ [მუხლი 17 ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. 3. დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება].
იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სასჯელის ზღვარი ხელოვნურადაა გაზრდილი. მისი არგუმენტი ასეთია: ბექა წიქარიშვილი ბრალდებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. (ბრალდების შესახებ დასკვნიდან ირკვევა, რომ მას აღმოაჩნდა 69.5 გრამი გამომშრალი მარიხუანა, შესაბამისად, მოსარჩელეს ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების _ მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის, რისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან 14 წლამდე). გურამ იმნაძის შეფასებით, სასჯელის მინიმალური ზღვარი ბექას შემთხვევაში არის საკმაოდ მაღალი – შვიდი წელი. მოსამართლე ამაზე ნაკლებ სასჯელს ვერ მიუსჯის, თუკი საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება.
ეს სანქცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულისთვის აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება 50 გრამს აღემატება. 49 გრამის აღმოჩენის შემთხვევაში მოსამართლეს საშუალება ექნებოდა მინიმუმ ექვსი თვით მიესაჯა ბრალდებულისთვის პატიმრობა.
მოსარჩელე ამბობს, რომ კანონმდებელს ვერ დაავალდებულებენ ყოველი ინდივიდუალური დანაშაულის მიხედვით (ყოველი ნარკოტიკული საშუალების ყოველი გრამისთვის) დააწესოს განსხვავებული სანქცია, მაგრამ მათი აზრით, კანონმდებელი ვალდებულია შექმნას მინიმალური გარანტიები, რათა ერთნაირი დანაშაულის შემთხვევაში მოსამართლეს მისცეს არსებითად თანასწორი პირებისთვის ერთგვარი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა.
სადავო ნორმა, იურისტის შეფასებით, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელეს არსებითად თანასწორ პირებთან მიმართებით. მისი შეფასებით, “ასევე მნიშვნელოვანია, გასაღებისა და პირადი მოხმარების მიზნებისთვის ნარკოტიკის შენახვისთვის სასჯელის ზომა ერთმანთისგან განსხვავდებოდეს”.
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალდებულის შემთხვევაში კი გამოძიება არ იკვლევს, პირს ნარკოტიკული ნივთიერება პირადი მოხმარების მიზნით ჰქონდა შენახული თუ გასაღების მოტოვით. {კომერციული საქმიანიბისთვის}
მოსარჩელის განმარტებით, დისბალანსის აღმოფხვრის შესაძლებლობას არ იძლევა სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ვინაიდან მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გამოიყენოს სასჯელის გათვალისწინებულ ზომაზე ნაკლები, თუ მხარეები დადებენ საპროცესო შეთანხმებას. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო შეთანხების გაფორმება პროკურორის თანხმობის გარეშე შეუძლებელია, [შეთანხმების პირობებსაც პროკურორი ადგენს], პირის კონსტიტუციური უფლებების რეალიზება პროკურორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
გურამ იმნაძემ უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ შემთხვევაში გაუფორმა სახელმწიფომ საპროცესო შეთანხმება 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულებს. სასამართლოსგან მიღებული ოფიცალური სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს პირველი ინსტანციების სასამართლოებმა სსკ 260-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალდებულ 1301 ადამიანის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 1023 საქმეზე 1164 პირის მიმართ, საპროცესო შეთნხმებით პირობითი მსჯავრი შეეფარდა 201 პირს, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა -81 პირს, 1-დან 3 წლის ჩათვლით – 760 პირს, სამ წელზე მეტი ხნით – 166 ადამიანს.
გურამ იმნაძის შეფასებით, ეს სტატისტიკა ამ კანონის არაჰუმანურობასა და არაკონსტიტუციურობას აჩვენებს. იურისტისთვის გაურკვეველია, ასეთ დროს ვის და რატომ უფორმებს საპროცესო შეთანხმებას პროკურატურა: „ბექას საპროცესო შეთანხმებას პროკურატურა არ უფორმებს, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ბექას შემთხვევაში იმიტომ არ გაფორმდა შეთანხმება, რომ ბექა არ დათანხმდა გარიგებას და მისი მხარდამჭერი კამპანიები იყო… ბექას შემთხვევაში მოსამართლეს სასჯელის ყველაზე ცოტა ზომის -შვიდი წლით პატიმრობის გამოყენების უფლება აქვს. ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება ქართული მართლმსაჯულების პრობლემაა. საპროცესო შეთანხმების გაფორმება მხოლოდ პროკურატურის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რაც ამ ორგანოს ოპერირების დიდ ბერკეტს უტოვებს”.
უფლებადამცველი ამბობს, რომ სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის გათვალისწინებული სანქცია არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.