ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში “ქართული ოცნების” აქტივს ხვდება

27 სექტემბერი, 2019 • 1621
ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში “ქართული ოცნების” აქტივს ხვდება

“ქართული ოცნების” პრეს-სამსახურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, გეგმავდა თუ არა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვასაც, რაზეც პარტიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით შეხვედრები აღნიშნულ ფორმატში გაიმართება.

მიმდინარე წლის ივლისში ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სექტემბრიდან პარტიას ხალხთან მეტი კომუნიკაცია ექნებოდა:

“მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. ჯერ საჯაროდ არ გაგვიცხადებია, მაგრამ მოგახსენებთ, რომ უკვე აქტივი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან გასულია მთლიან რეგიონებში და სექტემბრიდან ჩვენ გაცილებით აქტიურები ვიქნებით. მაქსიმალური რაოდენობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან, თუ პარლამენტიდან თუ საკრებულოებიდან, მოვახერხებთ რეგიონებში გასვლას, საზოგადოებასთან მეტ კომუნიკაციას, გვექნება პოლემიკა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გავაცნობთ ახალ ბიუჯეტს…” – ამბობდა ბიძინა ივანიშვილი.

პარტიულ აქტივთან შეხვედრების ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა ივანიშვილმა გურიის რეგიონალური ორგანიზაციის აქტივთან  გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი