ახალი ამბები

BBC: ბარდოს მუზეუმში თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა [ფოტო]

19 მარტი, 2015 •
BBC: ბარდოს მუზეუმში თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა [ფოტო]

ტუნისელი ოფიცრის, ჰაბიბ ისიდის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა მუზეუმში შეჭრილი ორი შეიარაღებული პირი მოკლეს და ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ მათ თანამზრახველებს.

 

BBC-ის ინფორმაციით, ტუნისის პარლამენტის სიახლოვეს მდებარე მუზეუმში თავდამსხმელებმა 20 ტურისტის და ორი ტუნისელი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. ჰაბიბ ისიდი ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ დაღუპულებს შორის არიან იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის და გერმანიის მოქალაქეები. კოლუმბიის პრეზიდენტმა მოგვიანებით დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ დაღუპულთა შორის 2 კოლუმბიელი ტურისტია.

 
ჰაბიბ ისიდმა ბრიტანულ გამოცემას განუცხადა, რომ დაშავებულია 22 ტურისტი და ორი ადგილობრივი. თუმცა ადგილობრივი გამოცემები იუწყებიან, რომ თავდასხმის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა მძიმედ.
 
 
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ახდენენ დაშავებულების ევაკუაციას / ფოტო: AFP
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ახდენენ დაშავებულების ევაკუაციას / ფოტო: AFP
 
ადგილობრივი რადიოს ცნობით, დაშავებულთა შორის არიან იტალიელი, პოლონელი, სამხრეთ აფრიკელი, ფრანგი და იაპონელი ტურისტები.
 

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ტუნისის პარლამენტში ანტიტერორისტულ სამოქმედო გეგმას განიხილავდნენ. ტუნისის რადიოს ცნობით, თავდასხმის დროს მოხდა დეპუტატების ევაკუაცია.

BBC-ის ინფორმაციით, მუზეუმი ბარდო ტუნისის მთავარ ტურისტულ ადგილად ითვლება. გამოცემის ცნობით, ტურიზმი ტუნისის ეკონომიკის მთავარი გასაღებია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურისტების დიდი რაოდენობა ევროპელ დამთვალიერებლებზე მოდის, რომლებიც ქვეყნის კურორტებს ხშირად სტუმრობენ.

ტურისტების ძირითად ნაწილს ბარდოს მუზეუმი იზიდავს / ფოტო: AFP
ტურისტების ძირითად ნაწილს ბარდოს მუზეუმი იზიდავს / ფოტო: AFP

ინციდენტს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანიელ ვალსი გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება უმკაცრესად დახვდება ამ ტერორისტულ შეტევას. ვალსი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალები მაქსიმალურადაა კონცენტრირებული იმისთვის, თუ როგორ უნდა განმუხტონ სიტუაცია.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ლიბიაში შექმნილი ვითარების გამო ამ დროისთვის ტუნისშიც არასტაბილური მდგომარეობაა. როგორც გამოცემა წერს, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ტუნისი ბევრმა ადამიანმა დატოვა. ისინი მეზობელ სირიაში ISIS-ის შემადგენლობაში იბრძვიან. 

BBC-ის ინფორმაციით, 2002 წელს ტუნისის ქალაქ ჯერბაში მდებარე სინაგოგის აფეთქებას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოცემის ცნობით, დაღუპულებს შორის იყო 11 გერმანელი ტურისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი