ახალი ამბები

კარგი იყო, რომ [ზარდიაშვილს] ვთხლიშე, მისი სახით [ივანიშვილსაც] ვთხლიშე — ბესელია

26 სექტემბერი, 2019 • 1909
კარგი იყო, რომ [ზარდიაშვილს] ვთხლიშე, მისი სახით [ივანიშვილსაც] ვთხლიშე — ბესელია

„კარგი იყო, რომ [ვანო ზარდიაშვილს] ვთხლიშე… მისი სახით ვთხლიშე [ბიძინა ივანიშვილსაც]“, — თქვა პარლამენტარმა ეკა ბესელიამ „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან გადაცემა „ღამის მთავარში“.

26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. ბესელიას ქმედება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც მან „ბესელიას მორალი“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.

ეკა ბესელიას თქმით, ზარდიაშვილმა მას „ამორალური პროვოკაცია“ მოუწყო და მისი მისამართით ამბობდა ისეთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, რომლებიც ზღვარს სცდება. წელს ბესელიას სოციალურ ქსელებში პირადი, ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს.

იმავე საღამოს ბესელია ნიკა გვარამიას გადაცემა „ღამის მთავარში“ მივიდა სტუმრად, სადაც მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

ნიკა გვარამია: რატომ თხლიშეთ ვანო ზარდიაშვილს?

ეკა ბესელია: კარგი იყო, რომ ვთხლიშე. ერთი წუთითაც არ მიპყრობს სინანულის განცდა…

ცუდი სანახავი არ იყო, სხვათა შორის…

არ ვიცი, მაგრამ ჩემი რეაქცია იყო პროპორციული პასუხი იმიტომ, რომ მისი საქციელის საპასუხო ვერ იქნებოდა ჩემი რეპლიკა… მისი სახით ვთხლიშე იმათაც, ვის… სახედაც არის ქცეული

ბიძინა ივანიშვილს თხლიშეთ მისი სახით?

კი, კი, და გავაკეთე განცხადება და ვთქვი კიდეც იმიტომ, რომ დღეს, როდესაც ზარდიაშვილი „ქართული ოცნების“ სახედ არის ქცეული, პირველ რიგში, ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.

ვრცლად:

შეურაცხყოფა არ მიმიყენებია — ზარდიაშვილი იმეორებს რეპლიკას „ბესელიას მორალზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი