“მოლაპარაკებები იყო ძალიან რთული, ურთულესი, ვიტყოდი, იმის პარალელურად, რაც ხდებოდა მოსკოვში და ეს მოსალოდნელიც იყო. ჩვენ ძალიან მწვავედ დავაყენეთ როგორც ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღის დამთხვევა, ასევე ვრცლად ვისაუბრეთ ამ ხელშეკრულებაზე, ისევე, როგორც წინა ხელშეკრულებაზე სოხუმთან. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ ხელშეკრულების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება და ასევე მოვთხოვეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გაააქტიუროს თავისის ძალისხმევა იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები”,– ამბობს დავით დონდუა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებითაც, მოლაპარაკებები მძიმედ წარიმართა.
18 მარტს კრემლში პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აღნიშნულ შეთანხმებას რუსეთის ფედერაცია და სამხრეთ ოსეთი 25 წლის ვადით გააფორმებენ. ამავე სახელწოდების შეთანხმება სოხუმსა და მოსკოვს შორის 2014 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა.