ახალი ამბები

ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა ოკუპაცია გახლდათ – საგარეო უწყება ლავროვთან შეხვედრაზე

26 სექტემბერი, 2019 •
ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა ოკუპაცია გახლდათ – საგარეო უწყება ლავროვთან შეხვედრაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა ოკუპაციის საკითხი იყო.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია მიმდინარეობს.

“გიდასტურებთ, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრის და რუსეთის ფედრეციის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა გახლადათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსულმა მედიამ გაავრცელა.

“განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე ქართული მხარე აცხადებდა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პარალელურად, საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს შორის კომუნიკაციის შეთავაზება მედიატორი მხარისგან – შვეიცარიისგან მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი