ახალი ამბები

გაერო-ში, შესაძლოა, საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ

26 სექტემბერი, 2019 • 1165
გაერო-ში, შესაძლოა, საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შესაძლოა, შეხვედრა შედგეს საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს შორის.

ქართული მხარე აცხადებს, რომ ასეთი შეთავაზება საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავალი მხარის – შვეიცარიისგან მიიღო.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე შვეიცარია გამოვიდა ინიციატივით, საქართველომ გამოიყენოს გაერო-ს გენერალური ასაბლეის პლატფორმა იმისთვის, რათა რუსეთის ფედერაციასთან იმსჯელოს მიმდინარე პროცესებზე.

“შვეიცარიის მხრიდან გაჟღერდა საინტერესო წინადადება, რომ უახლოეს დღეებში გავაგრძელოთ მცდელობები, კერძოდ, მათი მხრიდან მოხდება კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან იმისთვის, რომ გამოინახოს ამ საკითხზე მსეჯლობის საშუალება, თუნდაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატის ფარგლებში. პარტნიორები ამ პოზიციას მხარს უჭერენ და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია დიალოგის გამოყენება და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ იმ ძალასთან, რომელიც ახორციელებს კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მკაფიოდ იქნას დაფიქსირებული ამ პროცესის გაგრძელების მიუღებლობა. ბუნებრივია, საქართველო იმოქმედებს პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის რეჟიმში”,- განაცხადა ზალკალიანმა.

რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ ეტაპზე ზუსტდება, რა დონეზე შეიძლება შედგეს ეს შეხვედრა.

“დეტალები ზუსტდება და ახლო მომავალში გახდება ცნობილი. შეხვედრის თემებს რაც შეეხება, ჩვენი დელეგაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება. ბოლოხანს, სამწუხაროდ, მოხდა ვითარების გართულება საოკუპაციო ხაზთან. ჩვენმა დელეგაციამ ყველა საერთაშორისო პარტნიორისგან მიიღო გზავნილი იმის თაობაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ვითარების განმუხტვა და გადაიდგას ნაბიჯები არსებული დაძაბულობის შესამცირებლად”, – განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე საუბრობს ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტურობის ამაღლების აუცილებლობაზე. კითხვაზე, რუსეთთან მოლაპარაკებების რომელ ფორმატში უფრო აქვს უკეთესი სასტარტო პოზიცია საქართველოს – ჟენევაში, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით თუ ორმხრივ დიალოგში- ზურაბ აბაშიძე პასუხობს, რომ საქართველოსთვის ჟენევის ფორმატი უმთავრესია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს აღნიშნული ფორმატის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად.

“თუ ამას დასჭირდება კომუნიკაცია რუსულ მხარესთან, შვეიცარიელები მზად არიან ამისათვის და მათი ინიციატივაა, რომ ასეთი კომუნიკაცია შედგეს. ამჯერად ერთჯერად კომუნიკაციაზეა საუბარი”, – აღნიშნა აბაშიძემ.

საქართველოს დელეგაცია გაერო-ში, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი