კონფლიქტი აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ექსტერნის გამოცდებს მოჰყვა. მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ სკოლის დირექტორმა, შორენა მენაღარიშვილმა, მათ შეცდომით შემოახაზვინა გამოცდის დროს პასუხები, რის გამოც ისინი გამოცდაზე ჩაიჭრნენ.
სკოლის დირექტორს დაუპირისპირდა სკოლის პედაგოგი ხათუნა მენაბდე, რომელიც ასევე გამოცდაზე ჩაჭრილი ერთ-ერთი მოსწავლის დედაა. სიტყვიერი დაპირისპირება, სკოლის დირექტორის განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და პედაგოგმა დირექტორი ფიზიკურად შეურაცხჰყო, რასაც პედაგოგი, ხათუნა მენაბდე უარყოფს.
დღეს სკოლის ოთხი მოსწავლე დირექტორის გადაწყვეტილებას, მასწავლებლის ხათუნა მენაბდის სამსახურიდან გაშვების თაობაზე და ექსტერნის შედეგებს აპროტესტებდა. გაფიცული მოსწავლეებისგან ორი ხათუნა მენაბდის შვილია. დღესვე აჭყვისთავში იმყოფებოდა ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე, რომლის თქმითაც, მოსწავლეებმა შიმშილობა გასაუბრების შემდეგ შეწყვიტეს. თუმცა, გაკვეთილების ნაცვლად ისინი ქობულეთის გამგებელთან შესახვედრად წავიდნენ თავიანთი პრობლემების გასაცნობად.
„იმედია, მათი მოთხოვნა იქნება ყურადღებული, რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს ბავშვები აქ აღარ ისხდებიან“, – აღნიშნა მადონა გოგიტიძემ „ბათუმელებთან“. მისი თქმით, მოსწავლეების მშობლებს ექსტერნის შედეგების გაპროტესტების საშუალება დადგენილ ვადებშიც ჰქონდათ, რადგან მოსწავლეები პროცედურულ დარღვევებზე საუბრობდნენ. „მშობლებს შეეძლოთ ორი დღის ვადაში გაესაჩივრებინათ შედეგები, რესურსცენტრის თანამშრომელმა მათ განუმარტა, რომ შემოეტანათ სააპელაციო განაცხადი და განვიხილავდით, თუმცა მაშინ არ გადაწყვიტეს, ან აფექტურ მდგომარეობაში იყვნენ, გაუშვეს ეს ვადა. ახლა ათდღიანი ვადა აქვთ და შედეგები გაასაჩივრეს უკვე აჭარის განათლების სამინისტროში, სადაც დაწყებულია მოკვლევა“, – განმარტავს მადონა გოგიტიძე.
აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აჭყვისთავის სკოლაში არსებული სიტუაციის შესახებ საქმის კურსში არიან.
„სამინისტროში შემოვიდა მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლივი განცხადება გამოცდაზე პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნავდნენ, რომ გამოცდაზე კარნახობდნენ. სამინისტროს აუდიტის და ინსპექტირების დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა და საქმე შესწავლის პროცესშია. ასევე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, ამას სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ. რაც შეეხება პედაგოგის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტს, სკოლაში არის დისციპლინური კომიტეტი, რომელმაც ისმჯელა და დაადგინა, რომ აღნიშნულ პედაგოგს უნდა შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, რაც დაედო საფუძვლად დირექტორის ბრძანებას პედაგოგის გათავისუფლების თაობაზე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე მჟავანაძემ.
სკოლის დირექტორი შორენა მენაღარიშვილი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ მასწავლებელი არა მხოლოდ დისციპლინური საბჭოს ოქმის საფუძველზე, არამედ მთელი რიგი შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე დაითხოვეს. „აქ იყო შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევა და მასწავლებლის პროფესიული კოდექსის დარღვევა“, – განმარტავს შორენა მენაღარიშვილი.
ხათუნა მენაბდე კი ამბობს, რომ ის დირექტორის ბრძანებას ელოდება და მას შემდეგ, რაც ბრძანება ამოქმედდება, თავისი უფლებების დასაცავად იბრძოლებს.
სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ეს დირექციასა და მასწავლებლებს შორის პირველი კონფლიქტი არ არის. ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე ამბობს, რომ ბოლო წლების მანძილზე სკოლაში დირექტორი რამდენჯერმე შეიცვალა. წინა წლებში სკოლის მოსწავლეები ამბობდნენ, სიტუაცია იმდენად რთული იყო, რომ ორ ბანაკად გაყოფილი მასწავლებლები სკოლაში ცალ-ცალკე, პირველ და მეორე სართულზე იკრიბებოდნენ და არა ერთ სამასწავლებლოში.
უნდა ჩაერიოს თუ არა განათლების სამინისტრო ასეთ დროს სკოლის საქმიანობაში, რომ სასწავლო პროცესი სწორად წარიმართოს? ალექსანდრე მჟავანაძე ამბობს, რომ სამინისტრო წინა შემთხვევებშიც ჩაერია და ასე მოიქცევა ახლაც, თუ დადგინდება სკოლის დირექციის მხრიდან გადაცდომის ფაქტი: „თუ დადგინდება სკოლის მიერ რაიმე გადაცდომის ფაქტი, რა თქმა უნდა, სამინისტრო მიიღებს ზომებს. ჩვენ გვაქვს უფლება პირველ შემთხვევაში სკოლას მივცეთ წერილობითი გაფრთხილება და სხვა შემთხვევაში უკვე დირექტორსაც შევუწყვიტოთ უფლებამოსილება.“