ახალი ამბები

შახტების მფლობელებს ინვესტორი ჰყავთ მოძიებული – მინისტრი

26 სექტემბერი, 2019 •
შახტების მფლობელებს ინვესტორი ჰყავთ მოძიებული – მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ტყიბულის შახტების მფლობელ კომპანიას ინვესტორი მოძიებული ჰყავს.

როგორც თურნავამ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს უთხრა, სახელმწიფოსთვის მთავარია კომპანიამ განმარტოს, როდის მიიღებენ შახტაში დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს. მისივე თქმით, მათ ასევე უნდა დაასახელონ თარიღი, როდის განახლდება ნახშირის მოპოვების სამუშაოები.

თურნავა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისე შევიდა, რომ ტყიბულში საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს არ შეხვედრია.

“ჩვენ, პირველ რიგში, კონტაქტი გვაქვს შახტის არსებულ მფლობელებთან, “საქნახშირსა” და ინდუსტრიულ ჯგუფთან. ისინი 2006 წლიდან ფლობენ შახტებს. მათ გარკვეული მოდერნიზაციაც გააკეთეს. თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემები შეექმნათ, თუმცა ისინი პასუხისმგებელნი არიან, გასტუმრებულიყო ყველა ვალდებულება. ხელფასის საკითხი უსწრაფესად უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება პრობლემებს, ამ საკითხზე მათთან შეხვედრაზე ვისაუბრებ. ამავე დროს ვიცი, რომ რამდენიმე თვეა თავად კომპანია სხვადასხვა ჯგუფთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენი ინფორმაციით, მათ ინვესტორი მოძიებული ჰყავთ. ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც უკრაინელი პარტნიორები ჰყავს”, – აცხადებს თურნავა.

ტყიბულში უკვე მესამე დღეა, რაც მეშახტეთა აქცია მიმდინარეობს. მათი პროტესტი  24 სექტემბერს დაიწყო. 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და კუთვნილი ხელფასის მიღებამდე და იქამდე, სანამ არ ეტყვიან, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი, ამოსვლაზე უარს ამბობს, — იუწყება გაერთიანებული პროფკავშირები (GTUC).

მეშახტეები ამბობენ, რომ უკვე წელიწადზე მეტია შახტები არ მუშაობენ, ხელფასი კი მათ უგვიანდებათ. ამ უკანასკნელის გარეშე კი ცხოვრებისთვის აუცილებელი სურსათის ყიდვა არ შეუძლიათ. მეშახტეთა უპირველესი მოთხოვნა სწორედ ხელფასის დროული დარიცხვაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი