“მე საოცრად გაკვირვებული ვარ იმიტომ, რომ ასეთი რამ, რაც მოხდა, არც მსმენია, საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ მსმენია, რომ ქალ დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს სხვა დეპუტატისთვის, კოლეგისთვის”, – ამ ტიპის სექსისტური განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ გააკეთა ვანო ზარდიაშვილსა და ეკა ბესელიას შორის მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.
კილაძე ტვ პირველის ეთერში საუბრობდა. გადაცემის წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ კაცსა და ქალს ამ კონტექსტში რა მნიშვნელობდა ჰქონდა, როდესაც საქართველოს პარლამენტი არაერთხელ გამხდარა ფიზიკური დაპირისპირების ასპარეზი. კილაძის თქმით, ფიზიკური დაპირისპირებები წინა მოწვევის პარლამენტში უფრო ფიქსირდებოდა.
“რა ბესელიას მორალი?” – ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა.
როგორც პარლამენტის პირდაპირი ტრანსლაციიდან ჩანს, ბესელიას ქმედება მოჰყვა ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას, რა დროსაც, ბესელიას თქმით, მან “ბესელიას მორალი” ნეგატიურ კონტექსტში ახსენა გედი ფოფხაძესთან კამათისას.
“ბატონი ზარდიაშვილი თავად იყო გედი ფოფხაძისგან ასეთი ბრალდების მსხვერპლი. გედი ფოფხაძემ მას უთხრა, შენ რა მორალზე საუბრობო და შენი მორალი საერთოდო. მაშინ თქვენი ლოგიკით უნდა ამხტარიყო ზარდიაშვილი და ეცემა გედი ფოფხაძე? ზარდიაშვილმა ეს თემა გაატარა. ეს პარლამენტია, მწვავე დაპირისპირებებია”, – ამბობს სოფო კილაძე.
დიანა ტრაპაიძემ სტუმარს შეახსენა კონტექსტი, რომელიც ინციდენტს უძღოდა წინ. როგორც ცნობილია, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი, ოჯახური კადრები გაუვრცელეს მიმდინარე წელს. რამდენად სწორია ამ კონტექსტში “ბესელიას მორალის” ნეგატიურ კონტექსტში ხსენება?
სოფო კილაძე ამბობს, რომ ის, რაც ბესელიას თავს გადახდა, უმძიმესი დანაშაულია. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ეს ჩანაწერები არაფერ შუაშია, რადგან ზარდიაშვილი ბესელიას შესაძლო კორუფციაში ჩართულობაზე ლაპარაკობდა. როგორც ცნობილია, ბესელიას კორუფციაში მონაწილეობის თაობაზე მტკიცებულებები “ქართული ოცნებიდან” ჯერჯერობით არავის წარმოუდგენია, ამ თემაზე არც გამოძიება მიმდინარეობს. კილაძის თქმით, მეორე თემაა, რომ “ოცნებას” ამ თემაზე რაიმე ტიპის ნაბიჯები არ გადაუდგამს.
მისივე თქმით, თუ ბესელია არის უსაფუძვლო ბრალდებების მსხვერპლი,მაშინ ზარდიაშვილიც არის, რომელსაც ბესელია ადეიშვილის ხელის ბიჭს ეძახის. მისი თქმით, ის, რომ ადამიანის წინააღმდეგ რაიმე დანაშაული ხდება, ეს არ არის მისი მხრიდან არაკორექტული ქცევის საფუძველი.