ახალი ამბები

ცხინვალსა და მოსკოვს შორის შეთანხმებას ევროკავშირი და აშშ არ სცნობენ

18 მარტი, 2015 • • 1243
ცხინვალსა და მოსკოვს შორის შეთანხმებას ევროკავშირი და აშშ არ სცნობენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წლის 17 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ შეერთებული შტატები ცხინვალსა და მოსკოვს შორის რაიმე სახის შეთანხმებას არ აღიარებს.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ შეერეთებული შტატების დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რჩება ცალსახა: ისინი არიან საქართველოს განუყოფელი ნაწილი.

 

რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები, დააბრუნოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ მდგომარეობაში, უარჰყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა, აღნიშნავს თეთრი სახლი. 

 

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული შეთანხმების ხელმოწერა დაემთხვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის დაწყებას.

 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდის დაწყების დღეს ეგრეთ წოდებული შეთანხმების ხელმოწერა ვერ შექმნის კონსტრუქციულ გარემოს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხების მოსაგვარებლად, აღნიშნავს ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინი.

 

მოგერინი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების” ხელმოწერა არის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი.

 

ევროკომისარი აცხადებს, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე მხარეებს, რომ გააგრძელონ მუშაობა კონფლიქტურ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევისთვის.

 

დღეს, 18 მარტს კრემლში პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ლეონიდ თიბილოვი მოსკოვსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. აღნიშნულ შეთანხმებას რუსეთის ფედერაცია და სამხრეთ ოსეთი 25 წლის ვადით გააფორმებენ.

 

ამავე სახელწოდების შეთანხმება სოხუმსა და მოსკოვს შორის 2014 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა.

აშშ-სა და ევროკავშირის დროშები
აშშ-სა და ევროკავშირის დროშები

მასალების გადაბეჭდვის წესი