“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოსმენაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ მირანდა ირემაძეს ჰკითხა, თუ რა დღეა 17 მაისი. მანამდე ერემაძემს ჰკითხეს ქალთა საერთაშორისო დღესთან, 8 მარტთან დაკავშირებით.
“17 მაისი არის ეკლესიის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე”, – ასე უპასუხა მირანდა ერემაძემ დეპუტატის კითხვას.
ამის შემდეგ რომან გოცირიძე დაინტერესდა, რატომ არ ამბობს მოსამართლეობის კანდიდატი, რომ 17 მაისი ასევე არის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
ერემაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს “ასეც არის”.
გოცირიძე ერემაძეს ჩაეკითხა, აქედან რომელს აღიარებს მოსამართლეობის კანდიდატი.
“მაინცდამაინც თარიღში თანხვედრა რომ მოხდა, არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ან ერთს, ან მეორეს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. ეკლესიის გადაწყვეტილებაა… ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ და სახელმწიფო მათ გადაწყვეტილებებში არ ერევა. [ოჯახის სიწმინდის დღის] დაწესება ეკლესიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რასაც პატივი უნდა ვცეთ,” – აცხადებს მირანდა ირემაძე.
რომან გოცირიძემ ასევე ჰკითხა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქოს მიერ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება იყო თუ არა შემთხვევითობა. კანდიდატმა თქვა, რომ მისთვის უცნობია, ეს გადაწყვეტილება რის საფუძველზე მიიღო საპატრიარქომ:
“ნამდვილად არ ვიცი ამ გადაწყვეტილებას რა ედო საფუძვლად და რატომ იყო ეს თარიღი არჩეული.”
მსოფლიოში უკვე წლებია, 17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. 2013 წელს ამ დღის აღნიშვნა ლგბტ აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა თბილისშიც სცადეს, თუმცა მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულმა ადამიანებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და თავად გამართეს ჰომოფობიური აქცია.
აქციის დროს მათ რუსტაველზე ძალით გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ აქტივისტების ფიზიკური ანგარიშსწორებაც სცადეს. მაშინ ლგბტ აქტივისტებმა აგრესიულ ადამიანებს თავი პოლიციის დახმარებით დააღწიეს. სწორედ ამის შემდეგ, 2014 წლის 17 მაისს, საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ ამ მიზეზით თავად იკავებს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ლგბტ აქტივისტებს უკვე წლებია, არ ეძლევათ საშუალება, ეს დღე საჯარო სივრცეებში თაავისუფლად აღნიშნონ.