ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესში ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

25 სექტემბერი, 2019 • 1577
აშშ-ის კონგრესში ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. აღნიშნული მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ბრალდებებს,  რომელიც პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ საგარეო გაველენების შესაძლო გამოყენებას ეხება.

კონგრესის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი ტრამპს უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებს, რაც  საკუთარი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ თხოვნაში გამოიხატებოდა.

ნენსი პელოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპმა კანონი უხეშად დაარღვია. მისი თქმით, მიმდინარე კვირას პრეზიდეტნმა აღიარა, რომ უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა განეხორციელებინა ქმედებები, რომლებიც მას პოლიტიკურ სარგებელს მოუტანდა.

თავად დონალდ ტრამპი პელოსის მიერ წამოყენებულ ბრალდებებს და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას “ალქაჯებზე ნადირობას” უწოდებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაასაჯაროებს ზელენსკისთან საუბრის უცვლელ ტრანსკრიპტს. ტრამპის თქმით, დოკუმენტი საჯაროს გახდის, რომ ის არ დამუქრებია ზელენსკის 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების შეწყვეტით, თუ ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიებას არ დაიწყებდა, რაშიც მას დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ადანაშაულებენ.

როგორც BBC წერს, თუ იმპიჩმენტის პროცედურა გაგრძელდება, წარმომადგენელთა პალატა, სადაც დემოკრატები უმრავლესობით არიან წარმოდგენილნი, კენჭისყრას განმართავს და დონალდ ტრამპი აშშ-ის მესამე პრეზიდენტი იქნება, რომლის წინააღმდეგაც იმპიჩმენტს გამოიყენებენ. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სენატმა უნდა დაამტკიცოს, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს, რომლის წევრიც დონალდ ტრამპია.

მასალების გადაბეჭდვის წესი