ახალი ამბები

ეკა ბესელია პროკურატურაში დაიბარეს

25 სექტემბერი, 2019 •
ეკა ბესელია პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

პროკურატურის ინფორმაციით, დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს.

“შესაბამისად, ამ ეტაპზე საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, პარლამენტის წევრისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შესაძლო ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის, მათ შორის, ვისაც აშანტაჟებენ, უმრავლესობის წევრებიც არიან და ამის შესახებ მათ თავად უთხრეს.

“მე ვერ ვიტყვი, ვინ არიან ისინი, მაგრამ მათ შორის არიან უმრავლესობის წევრები. მე ვიცი რამდენიმე ასეთი ადამიანი, თავად უთქვამთ. ყველა ქალი არ არის, არის კაციც”, – განაცხადა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი