ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რისთვის და რამდენი ოსი გადმოდის დანარჩენ საქართველოში და რისი ეშინია ცხინვალს?!

24 სექტემბერი, 2019 • 10901
რისთვის და რამდენი ოსი გადმოდის დანარჩენ საქართველოში და რისი ეშინია ცხინვალს?!

ავტორი: გიორგი კანაშვილი, კონფლიქტოლოგი


ბოლო წლებია, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის შემოსაზღვრის პროცესს (ბორდერიზაციას) ფონად გასდევს საქართველოს მოქალაქეების დაკავება „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით, რაც ქართულ-რუსულ-ოსური ურთიერთობების პერიოდულ დაძაბვასა და ხშირად, შიდა ქართულ, მინი-პოლიტიკურ კრიზისებსაც იწვევს. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ უნიათობაში ადანაშაულებს, ეს უკანასკნელი კი ნაციონალური მოძრაობის მიერ დატოვებულ მემკვიდეობაზე მიუთითებს და შექმნილ ვითარებაში ბრალეულად სწორედ მას მიიჩნევს.

ამ ფონზე ქათული საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება ერთი ფრიად საინტერესო ამბავი – კერძოდ, 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსია. ასე, იმავე 2014 წლის მონაცემებით, 493 დაკავებულიდან მხოლოდ 140 აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე. ეს ტენდენცია არც შემდეგი წლების განმავლობაში შეცვლილა. მეტიც, უფრო გაღრმავდა. შედეგად, უკვე 2018 წლის მონაცემებით, ე.წ. საზღვრის დამრღვევთა რაოდენობა 607-მდე გაიზარდა, საიდანაც 90 პროცენტი სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის მოქალაქეები აღმოჩდნენ. ამასთან, ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევის ფაქტები წინა წელთან შედარებით ათი პროცენტით გაიზარდა. ამ პროცესებზე საპასუხოდ ცხინვალის ხელისუფლებამ არსებული სადამსჯელო მექანიზმი კიდევ უფრო გაამკაცრა, კერძოდ, გაზარდა ჯარიმის სიდიდე (დაახლოებით ათას ლარამდე).

გამოდის, რომ ყოველწლიურად, რუსი „მესაზღვრეების“ მიერ 500-მდე ეთნიკური ოსის დაკავება ხდება, რომლებსაც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გარკვეული საჭიროებების გამო გადასვლა სურს. ეს რაოდენობა მზარდია – როგორც თვითონ, ოსური და რუსული სტრუქტურები ადასტურებენ. 

ამ სტატიის ფარგლებში შევეცდები დავადგინო ის მიზეზები, რომლებიც განაპირობებს ოსების გადმოსვლას დანარჩენ საქართველოში. მართალია, ღია წყაროების სიმწირიდან გამომდინარე, გართულდება ზუსტი რაოდენობისა და მოტივების დადგენა, თუმცა სხვადასხვა მონაცემების შეჯერება ზოგადი ტენდენციების გამოკვეთის საშუალებას მაინც იძლევა. ამასთანავე, შევეცდები ავხსნა, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან რუსები და ოსები ამ პროცესს. 

რეფერალური სამედიცინო პროგრამა

2008 წლის ქართულ-რუსულმა ომმა ქართულ პოლიტიკაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შემოიტანა – შეწყდა კონფლიქტების მოკლევადიან პერსპექტივაში გადაწყვეტის გზების ძიება. და რადგან აშკარა გახდა მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პოლიტიკურ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის შეუძლებლობა, აქცენტი ხალხთა შორის ურთიერთობებზე გაკეთდა. 

ზუსტად ამ პარადიგმული ცვლილების გამოხატულებას წარდმოადგენდა 2010 წელს მიღებული „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით“. თბილისი იმედოვნებდა, რომ სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, ეტაპობრივად შეცვლიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გუნება-განწყობებს. ოპტიმალურ შემთხვევაში – ნაკლებად მტრულს გახდიდა, პროგრამა მაქსიმუმს კი წარმოადგენდა მათი თბილისისაკენ შემოტრიალება.

მას შემდეგ უკვე თითქმის ათი წელი გავიდა და ქართული ხელისუფლება ამ გზიდან არ უხვევს. თბილისი ოსებისა და აფხაზებისთვის სულ უფრო მეტ საგანმანათლებო, ეკონომიკურ-სავაჭრო და სხვა ტიპის პროგამა-ინიციატივების შექმნას განაგრძობს. ზუსტად ამ ხაზის ნაწილს წარმოადგენს 2018 წელს გაცხადებული  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ამჟამად უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას – რეფერალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც აფხაზები და ოსები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში უფასო სამედიცინო დახმარებას იღებენ, ამ ინიციატივებიდან ყველაზე წარმატებულია. 2014-2017 წლებში, საქართველოს საავადმყოფოებში მკურნალობა 2 650-მა ოსმა გაიარა.  2018 წლებში მაჩვენებელი მცირედად დაეცა და 342 ადამიანი შეადგინა.

თუ ამ ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ სამკურნალოდ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე წელიწადში დაახლოებით 600 ადამიანი გადმოდის. გასათვალისწინებელია, რომ პროგრამით სარგებლობენ ძირითადად ძლიერ დაავადებული ადამიანები. ანუ ისინი მკურნალობენ ხანგრძლივად და მათ ახლავთ ან ოჯახის წევრები, ან ნათესავები. თუ აქაც საშუალოდ ვიგულისხმებთ ერთ ან ორ ადამიანს, გამოდის, რომ ჩამომსვლელთა რაოდენობა დაახლოებით 1500-ზე ადის. 

შესაბამისად, მხოლოდ სამკურნალოდ საქართველოში სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ოსი მოსახლეობის 3,1 პროცენტი დადის. ეს იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერას მივენდობით, რომლის მიხედვითაც ეთნიკური ოსების რაოდენებამ 48 146 ადამიანი შეადგინა. სხვა, დამკვირვებლის ვარაუდით, გარე მოსახლეობა 25 000-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ციფრის შემთხვევაში პროცენტი 6-მდე აიწევს. 

ნათესაური კავშირები

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მეორე  მნიშვნელოვანი მოტივია ნათესაური კავშირები. საქმე ის არის, რომ კონფლიქტამდე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე იმაზე მეტი ოსი ცხოვრობდა, ვიდრე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საბჭოთა კავშირის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, 1989 წელს საქართველოში 164 055 ეთნიკური ოსი ცხოვრობდა, აქედან 98 823 -ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებს გარეთ. ოსები დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ თბილისში, გორში, ბაკურიანსა და მის მიმდებარე სოფლებში. ასევე, ქართლის, კახეთისა და მცხეთა-თიანეთის მრავალ სოფელში.  

მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში ბევრ ოსს საცხოვრებლად ან ცხინვალში, ან ჩრდ. ოსეთში გადასვლა მოუწია (რაზეც ქართულ საზოგადოებაში დღემდე არ შემდგარა საგნობრივი საუბარი…), მნიშვნელოვანი ნაწილი საქართვლოში ცხოვრებას განაგრძობდა.  საქართველოში ჩატარებული 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში ჯერ კიდევ 3, 028 ეთნიკური ოსი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ამჟამად ოსური მოსახლეობის რაოდენობა, ისევე როგორც მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის, სულ უფრო მცირდება და 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით მათმა რიცხვმა  14 400 კაცი შეადგინა.

მიუხედავად კონფლიქტისა, სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ოსურ თემებს შორის კავშირი არ გაწყვეტილა.  ამასთანავე, რადგანაც ოსები ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის კარგად იყვნენ ინტეგრირებულნი (მაჩვენებლად შეგვიძლია ავიღოთ ქართული ენის ცოდნა, შერეული ქართულ-ოსური ოჯახების რაოდენობა და ა.შ.), ეს ურთიერთობები არასოდეს რჩებოდა ექსკლუზიურად შიდაოსური. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული სოფლების მნიშვნელოვანი ნაწილი – ეთნიკურად შერეული, ქართულ-ოსური სოფლებია, რაც, ბუნებრივია, ართულებს ცხინვალისა და მოსკოვის მცდელობას მინიმუმამდე დაიყვანონ ოსების კავშირები საქართველოსთან. მიუხედავად საფრთხისა, ადგილობრივები მაინც  დადიან ერთმანეთის ქორწილებში, დასაფლავებებზე და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებულთა უდიდესი ნაწილი სწორედ მოსახლეობის ამ სეგმენტზე მოდის. 

თბილისის მიზიდულობა

ცხინვალის რეგიონი გარშემორტყმულია დანარჩენი საქართველოთი და კავკასიონის ქედით. გარესამყაროსთან ცხინვალს მხოლოდ როკის გვირაბი აკავშირებს, რომლის რეაბილიტაციაც რუსეთის მიერ 2014 წელს მოხდა და 400 მილიონი დოლარიც დაიხარჯა (აღნიშნული თანხის რაოდენობა კარგად აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალურ საქართველოში დამატებითი რესურსების დროულად გადმოსროლა).

ცხინვალს ვლადიკავკაზამდე – რუსეთის პირველ დიდ ქალაქამდე-  170 კილომეტრი აშორებს და ამ გზის დაფარვა დაახლოებით სამ საათშია შესაძლებელი. სამაგიეროდ, პირველი ქართული ქალაქი – გორი, ცხინვალიდან ნახევარი საათის სიშორეზეა, ხოლო საქართველოს დედაქალაქი თბილისი- საათნახევრის სავალზე. ცხინვალიდან გორამდე 34, ხოლო თბილისამდე 114 კილომეტრია. ამასთანავე, ცხადია, რომ თბილისი და ვლადიკავკაზი სხვადასხვა მასშტაბის ქალაქებია. ბოლო წლებია თბილისში და მის შემოგარენში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა – აშენდა ახალი აეროპორტი (სადაც სულ უფრო მეტი იაფფასიანი ავიაკომპანია იწყებს შემოსვლას), სავაჭრო ცენტრები, მოხერხდა ტურისტული პოტენციალის აღდგენა; თბილისი კულტურული და საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ეს ყველაფერი თბილისს გრავიტაციის უპირობო ცენტრად აქცევს და გარკვეულ ინტერესს, როგორც ჩანს, ცხინვალის მოსახლეობაშიც იწვევს.

მიზიდულობის კონტექსტშივე შეგვიძლია განვიხილოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. უნიკალური სავაჭრო ჰაბის – ე.წ. ერგნეთის ბაზრობის კონტრაბანდასთან ბრძოლის საბაბით დახურვის მიუხედავად, სავაჭრო ურთიერთობები 2008 წლამდე და მას შემდეგაც შენარჩუნდა და სანამ სხვადასხვა პროდუქტებზე ფასთა შორის სხვაობა მნიშვნელოვანი იქნება, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცხინვალისკენ მათი გადინება კვლავ გაგრძელდება.  ამჟამად ეს პროცესი ახალგორის გავლით ხორციელდება, მომავალში შესაძლოა სხვა ფორმებიც გამოიძებნოს. ნებისმიერ  შემთხვევაში – თბილისს ამ მიმართულებით ფიქრის გაგრძელება ნამდვილად მართებს. 

რისი ეშინია ცხინვალს?

როგორც ზემოთ ვიხილეთ, ოსების დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას ძირითადად განაპირობებს  სამედიცინო დახმარების მიღების სურვილი. ასევე, ნათესაური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. რეფერალური პროგრამის გარდა, სხვა მიზეზებით ჩამომსვლელთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, თუმცა გვაქვს სულ მცირე ერთი ინდიკატორი –  „საზღვრის“ კვეთისას დაჭერილთა სტატისტიკა (წლიურად დაახლოებით 500 ადამიანი). 

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ცხინვალის აკრძალვას თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობაზე რამოდენიმეჯერ მეტი არღვევს. ასე, რომ არ ყოფილიყო, ანუ დე ფაქტო კანონმდებლობის დამრღვევთა უმეტესობის პასუხისმგებლობაში მიცემა რომ ხერხდებოდეს, ისეთ მცირე საზოგადოებაში, როგორიც ოსურია, ამის შესახებ ცნობილი გახდებოდა და ამგვარი აქტივობა მინიმუმამდე შემცირდებოდა. 

შესაბამისად, მხოლოდ ამ ორი მონაცემის შეჯერებით (რეფერალური პროგრამის ბენეფიციართა და „საზღვრის უკანონოდ“ გადამკვეთთა სავარაუდო რაოდენობა) გამოდის, რომ ყოველწლიურად თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის სამხრეთ ოსეთის მცხოვრებელთა სულ მცირე 8-9 პროცენტი. და ეს ხდება აქტიური ბორდერიზაციის, დაკავებებისა და საქართველოს შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაციის სისტემატიური გავრცელების ფონზე.

დიდი ალბათობით, უფრო სრულყოფილი სურათი რუსულ და ოსურ მხარეებს გააჩნიათ და გატარებული პოლიტიკის სიხისტეც შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება. გადაადგილების თავისუფლებისადმი მოსკოვისა და ცხინვალის მიერ შედარებით ლიბერალური მიდგომის პირობებში, ხალხთა შორის ურთიერთობები, სავარაუდოდ, 2004 – წლამდე არსებულ ნიშნულს მალევე დაუბრუნდებოდა. ანუ ცხინვალის რეგიონი ეტაპობრივად გახდება საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური სივრცის ნაწილი.  როგორც ჩანს, მოსკოვისა და ცხინვალის მცდელობას, არ დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის კავშირები საქართველოსთან, საფუძვლად ზუსტად იმის შიში უდევს, რომ ეკონომიკური, სოციალური და სხვა ტიპის ურთიერთობების აღდგენა გამოიწვევს მოსახლეობის განწყობების ეტაპობრივ ცვლილებას საქართველოს მიმართ.


დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამდენი ოსი გადმოდის თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რთულია. თუმცა ის კი ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაოდენობა არცთუ მცირეა და მას აღმავალი ხასიათი გააჩნია. 2008 წლის ტრავმა არსად არ წასულა, თუმცა, როგორც ჩანს, ხალხთა შორის ურთიერთობების ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ამ ფონზე სასურველია, ცხინვალისა და მოსკოვის იზოლაციონისტურ პოლიტიკას თბილისმა დაუპირისპიროს მაქსიმალური ღიაობა. ნებისმიერი ესკალაცია, თუნდაც მცირედი ინციდენტები, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებსა და ჩვენს ხელთ არსებულ ერთადერთ იარაღს – „მშვიდობის მოგების“ სტრატეგიას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი