ახალი ამბები

ომბუდსმენი ზუგდიდის ინციდენტზე: მნიშვნელოვანია გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტურად

16 მარტი, 2015 •
ომბუდსმენი ზუგდიდის ინციდენტზე: მნიშვნელოვანია გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტურად

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველმა შეშფოთება გამოთქვა 15 მარტს ზუგდიდში მომხდარი სამწუხარო ინციდენტთან დაკავშირებით:

 

”მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ აქცია გამართეს, სადაც 21 მარტს დაგეგმილ აქციას აპროტესტებდნენ. სხვადასხვა ტელეარხებით გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალის გამოყენებით შეიჭრა ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ოფისში; ასევე, ადგილი ჰქონდა ხელკეტებისა და ქვების გამოყენებას. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 10–მდე ადამიანი, დაზიანდა შენობის შესასვლელი კარი, ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები.”

 

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის დროს განვითარებული მოვლენების შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამართალდამცავთა როლს. კერძოდ, რამდენად გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება განვითარებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციის მიზნით. ნანუაშვილის შეფასებით, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარაა, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავთა საგრძნობი ნაკლებობაა, ხოლო ის რამდენიმე პოლიციელი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ვერ უზრუნველყოფდა მოძალადეთა შეკავებას და ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას.

 

”როგორც ცნობილია, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა, გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, შესაძლოა სახეზე იყოს სს კოდექსით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულების ჩადენა, როგორიცაა ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა ძალადობით, ჯგუფურად, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას (160-ე მუხლის მე–3 ნაწილი) და ნივთის დაზიანება ან განადგურება (187–ე მუხლი),”- წერია განცხადებაში.

 

ნანუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტურად, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე და კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა დამნაშავე პირს. მისი თქმით, გამოძიებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, თუ რამ შეუშალა ხელი აქციის მიმდინარეობისას სამართლდამცავთა მობილიზებას იმისათვის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფიზიკური ძალადობა არ მომხდარიყო. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შეკრების/მანიფესტაციის უფლების ეფექტურად რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება, რათა მსგავს ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი:

 

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

 

”ინციდენტის დღესვე მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციასა და ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ასევე უნდა გახდეს შესწავლის საგანი, რადგან ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, აშკარაა, რომ მნიშვნელოვნად დაზარალდება საჯარო სამსახურის ერთ–ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც მის პოლიტიკურ ნეიტრალობას გულისხმობს.”

 

სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა და ნუ ჩაებმებიან ისეთ ქმედებებში, რომლებიც მათ მიუკერძოებელ საქმიანობას დააყენებს ეჭვის ქვეშ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო მოხელის რანგში ყოველდღიურად უწევთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეებთან ურთიერთობა და მათთვის უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი მომსახურების გაწევა.

 

”რამდენიმე დღის წინ ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის საქმეში სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა პოლიტიკური პარტიების განსაკუთრებულ როლსა და პასუხისმგებლობას მათი აქტივისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა განუმარტონ თავიანთ აქტივისტებს შეკრების თავისუფლების ფარგლები, აღნიშნულის ხელყოფის სამართლებრივი შედეგები და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ძალადობრივი ქმედებების თავიდან აცილება, ხოლო მსგავსი პრეცედენტების შემთხვევაში ადეკვატური შეფასება მისცენ მათსავე მხარდამჭერების მიერ ჩადენილ ქმედებებს და არ ეცადონ მათ გამართლებას,” – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადებით, სახალხო დამცველი აგრძელებს აღნიშნული ფაქტების შესწავლას. ამავდროულად, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ის განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობას 15 მარტს ზუგდიდში მიმდინარე აქციის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების დროულად და ეფექტურად გამოძიების მიზნით.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება 21 მარტს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი მიმდინარეობისას რაიმე ინციდენტს ადგილი არ ექნება, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მობილიზებული იქნებიან სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების განუხრელად დასაცავად.

 

ზუგდიდში ორგანიზაცია თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ოფისში დაპირისპირება გუშინ მოხდა. ორგანიზაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ხელმძღვანლობს. ნადარეიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ოფისს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები დაესხნენ თავს, რომელთა ნაწილი ხელკეტებით იყო შეიარაღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი