“ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ავრცელებს.
მელია ეხმაურება სატელევიზიო დებატებს “მთავარი არხის” ეთერში, რომელიც გიგა ბოკერიასა და ენმ-ის წევრ რომან გოცირიძეს შორის გაიმართა. კამათის საგანი გახდა 2020 წლის არჩევნები და პოტენციური კოალიციები პარლამენტში.
ბოკერიას განცხადებით, თუ “ევროპული საქართველო” პარლამენტში უმრავლესობის მობილიზებას ვერ მოახერხებდა და ამას ენმ გააკეთებდა, მისი პარტია “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ პოლიტიკურ ბლოკს შეკრავდა ენმ-თან. ბოკერია დაინტერესდა, იგივეს გააკეთებდა თუ არა ენმ, თუ “ევროპული საქართველო” პარლამენტში მასზე მეტი დეპუტატის მობილიზებას მოახერხებდა. გოცირიძემ განაცხადა, რომ ენმ ამაზე თანახმა იყო, თუმცა, მისი თქმით, სრულიად არარეალისტური იყო იმის მოლოდინი, რომ “ევროპული საქართველო” ენმ-ს აჯობებდა 2020-ში. კამათი სწორედ ამას მოჰყვა. ბოკერიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ღიზიანდება ენმ, როცა ის საუბარს “ევროპული საქართველოს” შესაძლო გამარჯვებაზე იწყებს.
“ახლა ვუყურე გოცირიძე vs ბოკერია. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ იყო ბოკერია ასეთი აგრესიული.
მოკლედ, გადაცემის ყურებისას საკუთარ თავს გამოვუტყდი – ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული”, – წერს ნიკა მელია.