“სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი საზოგადოებაში გაფრთხილებული უნდა იყოს”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ გაბინაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფო კილაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კილაძე დაინტერესდა, რომლის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს გაბინაშვილი, თუ ერთ მხარეს მედიის თავისუფლებაა, მეორე მხარეს კი – პატივი და ღირსება.
“ღირსება ყველაზე უფრო აღმატებული ცნებაა, თუკი საერთოდ რამე ცნება არსებობს. ღირსება შეიძლება იყოს პირადიც და საზოგადოებრივიც, ღირსება დაბადებიდან დაჰყვება ადამიანს. ახალდაბადებული ადამიანსაც კი აქვს ღირსება და უკანასკნელი დამნაშავის ღირსებაც ბოლომდე უნდა იყოს თავისუფლება. მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, აქ ინფორმაციის გადაცემის სტანდარტებთან გვაქვს საქმე. მედია ასრულებს თავის ფუქნციას, უნდა გადასცეს ინფორმაცია საზოგადოებას, მაგრამ ევროპული სასამართლოს პრეცედენტები აწესებს დასაშვები კომენტარის სტანდარტს და ამბობს, რომ ინფორმაციის გადაცემამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას სხვა ღირებულების დარღვევას, როგორიცააა სასამართლოს ავტორიტეტი, სხვისი ღირსება. აქ დელიკატური ბალანსი უნდა იქნას გავლებული გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას შორის”, – განაცხადა გაბინაშვილმა.
გაბინაშვილის თქმით, პირადად მას თმენის ძალიან მაღალი ვალდებულება აქვს.
“თუ ჩემს ღირსებას პირადად შეეხებიან, ღირსების დაცვის უფლება მაქვს, მაგრამ, მე მგონია, მოსამართლის შეფასება, რასაც ხშირ შემთხვევაში არცთუ სასიამოვნო ფორმებით აკეთებს მედია, იმ შემთხვევაში თუ ის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, დასათმენია იმიტომ, რომ საჯარო მოხელე ვარ”, – აღნიშნა მან.
მერაბ გაბინაშვილის პროტფოლიო შეგიძლიათ ნახოთ აქ: