თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ერთ-ერთი დაკავებული ევგენი გორგაძე აჭარაში ცხოვრობს, მისი უფლებების დამცველი ემზარ პაქსაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ სასამართლომ ბრალდებულები სრულად გაამართლა.
ევგენი გორგაძის ჩვენების მიხედვით, საქონელი თურქეთიდან გადავიდა ირანში, იქედან აზერბაიჯანში და შემოვიდა საქართველოში. გორგაძემ ძიებას უთხრა, რომ იმავე მარშრუტით მას ტვირთი ოთხჯერ აქვს გატანილი. ის მძღოლად მუშაობდა.
ამ საქმეში სულ პირველად სამი ბრალდებული იყო დაკავებული, ერთ-ერთ ბრალდებულს, მძღოლს გურამ ცეცხლაძე ბრალდება პროპკურატურამ მოუხსნა და დევნა შეწყვიტა. პატიმრობაში რჩებოდა კიდევ ორი მოქალაქე, რომელიც დღეს სასამართლომ გაამართლა და იძებნება ერთი.
გამოძიების ინფორმაციით, ჰეროინი საქართველოში წითელი ხიდის გავლით შემოიტანეს. საჭესთან ევგენი გორგაძე იჯდა. გვერდით კი შეზიფ შემიზოხლუ, რომელიც დღეს სასამართლომ ასევე გაამართლა, ის ქართველ მძღოლთან ერთად ტვირთს დაყვებოდა. გურამ ცეცხლაძეც მძღოლია, ოღონდ იმ მანქანის, რომლითაც საქართველოდან ტვირთის გატანა იგეგმებოდა. მანქანა, რომელიც მას უნდა ემართა, უკრაინელების მიერ დაფუძნებული ქართული გადამზიდავი კომპანიის საკუთრებაა.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით, ამოღებულ 30-კილოგრამიან 93 კასრში მოთავსებული სითხის 80% სუფთა ჰეროინი იყო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობდა.