ევროპის ფონდისა და CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ ქალისთვის სექსუალური ურთიერთობა ქორწინებამდე არასდროსაა გამართლებული.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოში გენდერული როლებისადმი დამოკიდებულების შესწავლისას ტრადიციონალიზმი განსაკუთრებით ძლიერია. მათი განმარტებით, გენდერული ნორმების შესახებ ღრმად გამჯდარ წარმოდგენებზე მეტყველებს ისიც, რომ რესპონდენტთა უმეტესობა ქალისთვის ქორწინებამდე სექსს გაუმართლებლად მიიჩნევს, კაცისთვის კი- პირიქით.
“მოსახლეობის 25% პასუხობს, რომ მამაკაცისთვის „ყოველთვის გამართლებულია“ სექსუალური ურთიერთობა ქორწინებამდე; ქალისთვის კი მხოლოდ 7%-ს მიაჩნია ეს „ყოველთვის გამართლებულად“, 66%-ის აზრით, ეს „არასდროს არ არის გამართლებული“.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ამ კითხვაზე მიღებული პასუხების დინამიკა 2013 წლიდან ფაქტობრივად უცვლელია“, – ნათქვამია კვლევაში.
ამ მონაცემის მსგავსად, უმნივნელოა ცვლილებები ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ქალებისთვის ქორწინების გარეშე შვილის გაჩენა.
“2013 წელს ქართულენოვანი მოსახლეობის 56% და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 83% პასუხობდა, რომ ეს არასდროსაა გამართლებული; 2019წლის შესაბამისი მაჩვენებლებია 50% და 74%,“ – ვკითხულობთ კვლევაში.
მეთოდოლოგია
ევროპის ფონდის გამოკითხვის მეექვსე ტალღა ჩატარდა 2019 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე. ავტორების თქმით, სხვადასხვა ტალღის შედეგები მაქსიმალურად შედარებითი რომ იყოს, 2013 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა კითხვარი და შერჩევის დიზაინი. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გარდა. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მასშტაბით წარმომადგენლობითობასთან ერთად, გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია აგრეთვე ოთხი ძირითადი სტრატის მოსახლეობისთვის: დედაქალაქის, სხვა ქალაქების, სოფლებისა და იმ დასახლებული პუნქტების, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები(აზერბაიჯანელები და სომხები). შედეგების საშუალო ცდომილება +/-2.0%-ია.
ავტორების განცხადებით, თითოეულ სტრატაში პირველადი შერჩევის წერტილები შეირჩა ალბათურად, დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის პროპორციულად, შინამეურნეობები- სამარშრუტო შერჩევის მეთოდით, ხოლო რესპონდენტები – ამ შინამეურნეობებში კიშის ცხრილის საშუალებით.
2019 წელს 2 746 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით (CAPI მეთოდი). გამოპასუხება საქართველოს მასშტაბით 49% იყო. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ პირველადი შერჩევის წერტილებში ინტერვიუების ენა შეიძლება ყოფილიყო ქართული, აზერბაიჯანული ან სომხური, რესპონდენტების არჩევანის მიხედვით. კვლევა CRRC-ის მიერ არის ჩატარებეული