ახალი ამბები

ომბუდსმენი “თავისუფალი საქართველოს” წევრის სექსისტური გამონათქვამის გამო შეშფოთებულია

16 მარტი, 2015 • • 993
ომბუდსმენი “თავისუფალი საქართველოს” წევრის სექსისტური გამონათქვამის გამო შეშფოთებულია

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შეშფოთებულია პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას მიერ მედიასაშუალებებისადმი მიცემული ინტერვიუს დროს ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი და სექსისტური გამონათქვამების გამო, რომელიც მიმდინარე წლის 14 მარტს, რეგიონული საინფორმაციო სააგენტოს Topnews.com.ge მეშვეობით გავრცელდა.

 

“პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის კომენტარი, რომლის ციტირებაც კი დაუშვებლად მიმაჩნია მისი ესოდენ სექსისტური ხასიათის გამო, შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის”, – წერს სახალხო დამცველი განცხადებაში.

 

ომბუდსმენის ოფისს მიაჩნია, რომ დღეს, როდესაც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია, ქალები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრასა და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ხდებიან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული, სექსისტური შეხედულებების მსხვერპლნი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამკვიდრებული მიდგომების ცვლილებას და არა მათ განმტკიცებას, რაშიც განუზომელია პოლიტიკური აქტივობის განმახორციელებელი პირების როლი, რომელთაც ხელი მიუწვდებათ მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებებთან.

 

ომბუდსმენი მოუწოდებს პარტიის ხელმძღვანელს, ქვეყანაში არსებული გენდერული უთანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში განხილულ იქნას იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი მის მიერ მედიასაშუალებებთან გაჟღერებული არაეთიკური, შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამის გამო.

 

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს პარტიის ხელმძღვანელს, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები პოლიტიკური პარტიის ყველა წარმომადგენლის ინფორმირებისათვის ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით. 

სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველის აპარატი

მასალების გადაბეჭდვის წესი