ივანიშვილის თქმით, საქართველომ 2 წლის განმავლობაში საოცრად დიდი ნახტომი გააკეთა:
“2 წლის განმავლობაში ჩვენ საოცრად დიდი ნახტომი გავაკეთეთ. მე შემიძლია პოლემიკაში შევიდე ნებისმიერ პიროვნებასთან, ნებისმიერ პოლიტოლოგთან, ვისთანაც გნებავთ, რომ დღევანდელი ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებით, დემოკრატიურლი ქვეყნების ძირითად ნაწილში, ჩვენ შეიძლება კონკურენციაში შევიდეთ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანასთან. ამ დროს ეკონომიკა არის ასეთი, როგორიც არის. ჩემს წინა გამოსვლებში მივანიშნებდი მოსახლეობას, რომ რეალურად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები.”
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა GDS-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ევროპის მსგავსი ეკონომიკის შექმნა შეუძლია რეალურად 20 წელიწადში, რითიც ქვეყანა ძალიან მიუახლოვდება ევროპას:
“ეკონომიკას 2 წელიწადში, ვერც 5 წელიწადში ევროპულს ვერ გახდი. დღეს ჩვენი ეკონომიკა, როდესაც 10-ჯერ და 15-ჯერ ნაკლებია (უხეშად ვაკეთებ გადასვლებს და იმედია ტელემაყურებელი გაგვიგებს, მაგრამ ყოფით დონეზე მინდა ავუხსნა ტელემაყურებელს). ამას ვერ მოახერხებ და ევროპულ ეკონომიკას ვერ ააშენებ ვერც 5 წელიწადში და ვერც 10 წელიწადში. ევროპის მსგავსი ჩვენ შეგვიძლია რეალურად 20 წელიწადში გავაკეთოთ და ძალიან მივუახლოვდეთ მას. ის, რომ თქვენ მეუბნებით, რომ მესამე და მეოთხე წელიწადს ვამბობდი… მესამე წელიწადს ვამბობდი კარგს. ამის საფუძველი მქონდა მხოლოდ ის, რომ ორი წლის განმავლობაში ჩვენ მოვახერხებდით და ძირითადად დავაფუძნებდით ამ ფასეულობებს, რასაც მე აღარ ჩამოვთვლი – რაც არის ძირითადი ღირებულებები დემოკრატიულ სახელმწიფოებში და რაც მოვახერხეთ და შევძელით. ეს მქონდა მხედველობაში სწორედ, რომ ეს მიცემს სტიმულს ეკონომიკას და ეკონომიკა იქნება კარგი მესამე წელიწადს. მეოთხე წელიწადს იქნება კარგი და შემდგომ წლებში კიდევ უფრო კარგი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გონივრულად მოვიქცევით და კარგად დავგეგმავთ, კარგად გავაანალიზებთ, კარგად გავაცნობიერებთ, სად ვართ და რა შეგვიძლია და ვივლით ევროპის მიმართულებით”, – განაცხადა ივანიშვილმა.