ახალი ამბები

ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა რაოდენობა 2 წელია არ შეცვლილა და 71%-ს შეადგენს – კვლევა

23 სექტემბერი, 2019 •
ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა რაოდენობა 2 წელია არ შეცვლილა და 71%-ს შეადგენს –  კვლევა

2019 წელს, 2017 წელთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა უცვლელია და 71%-ს შეადგენს. ევროპის ფონდის კვლევის მიხედვით, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, ევროინტეგრაციას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა 2011 წელს ჰქონდა (80%), თუმცა მაშინ აღნიშნული კვლევა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არ ტარდებოდა.

ევროინტეგრაციის ყველაზე დაბალი მხარდაჭერა ევროპის ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში 2015 წელს იყო- 61%, თუმცა მაშინ გამოკითხვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც ჩატარდა.

კვლევის თანახმად, 2019 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებული რეგიონებში მოსახლეობის 33% უჭერს მხარს.

ამასთან, ევროპის ფონდისა და CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ასაკის მატებასთან ერთად ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იკლებს. ის, ვინც ევროკავშირში გაწევრებას მხარს უჭერს, ამის სამ ძირითად მიზეზს ასახელებს:

  1. გაუმჯობესდება ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა (54%);
  2. საქართველო მეტად იქნება დაცული საგარეო საფრთხეებისგან (21%);
  3. გაიზრდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი (14%).

ამასთან, გამოკითხულთა 66%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირთან დაახლოებას რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება მოჰყვება და მხოლოდ 8%-ს აქვს იმედი, რომ საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობის გაღრმავება დადებითად აისახება რუსეთთან ურთიერთობაზე.

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებასა და ცოდნას ევროპის ფონდი 2009 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აფასებს. კვლევა ჩაატარა “CRRC საქართველომ”. კვლევა 2019 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე პერიოდს მოიცავს და ქვეყნის მასშტაბით 2 746 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება +/-2%ია

მასალების გადაბეჭდვის წესი