ახალი ამბებირეკლამა

მოსწავლეებს ფიზიკას ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის დახმარებით შეასწავლიან

23 სექტემბერი, 2019 • 932
მოსწავლეებს ფიზიკას ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის დახმარებით შეასწავლიან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ინიციატივით საქართველოს მასშტაბით 5 საპილოტე სკოლაში რეალურ-ვირტუალური საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები ამოქმედდება.

20 სექტემბერს პროგრამის ავტორმა, დავით სონღულაშვილმა საპილოტე სკოლის ფიზიკის მასწავლებლებს პროგრამის ტექნიკური მახასიათებლები და მასთან მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მიმდინარე წლის  ოქტომბრის ბოლომდე,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აღნიშნულ საპილოტე სკოლებს პროგრამისთვის საჭირო ხელსაწყოებსაც გადასცემს, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება პროგრამის სრულფასოვნად ამოქმედება.

პროგრამა დაეხმარება ყველა მასწავლებელს, სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენოს მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდები და მისი დახმარებით, ყველა მოსწავლე, ინდივიდუალური ინტერესების და ასაკის გათვალისწინებით,  ჩართოს პრაქტიკული მეცნიერული კვლევა-ძიების პროცესში. ლაბორატორია აძლევს საშუალებას მოსწავლეს პრაქტიკული რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გააანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანადო, მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები.

ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის პროგრამა მასწავლებელთა  ცენტრის „საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის  მიზანია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საბაზო საფეხურზე, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხის გაზრდა, მასწავლებლების უზრუნველყოფა მაღალი დონის სასწავლო პრაქტიკული კვლევების ჩასატარებელი და მასთან ინტეგრირებული მაღალტექნოლოგიური ციფრული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საჯარო  სკოლებისათვის. პროექტში ჩართულია როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი