ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს. ორგანიზაცია მცდარს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ორზე მეტ სამსახურში მუშაობა იკრძალება
როგორც EMC აცხადებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მოამზადა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შრომის ინსპექციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის ინიცირება და მიღებაც საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი. 2019 წლის 14-15 სექტემბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მონაწილეობა მიიღო აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პირველ განხილვაში, რომელსაც დამსაქმებელთა გაერთიანებების, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვას პრინციპების დონეზე. უფრო დეტალური განხილვები ოქტომბრის თვეში იგეგმება ოთხი თემატური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში.
“სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში მცდარი და ორაზროვანი ინფორმაცია გავრცელდა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოების ნაწილის მღელვარება გამოიწვია და ინიცირებული პროცესის მიზნები, რომელიც უფრო სამართლიანი და ღირსეული შრომითი და სოციალური პირობების შექმნისკენ არის მიმართული, ადამიანის ინტერესების საწინააღმდეგოდ წარმოჩინდა.
წინამდებარე განცხადებით, გვსურს, განვმარტოთ მხოლოდ სამუშაო დროისა და დეკრეტული შვებულების მარეგულირებელი ნორმების შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. კერძოდ, მედიაში გავრცელდა არაზუსტი ინფორმაცია, რომ 1. იკრძალება ორ ან მეტ სამუშაო ადგილას ერთდროულად დასაქმება და 2. თუ აქამდე დეკრეტული შვებულება ერთჯერადი თანხით, მაქსიმუმ 1000 ლარით, ანაზღაურდებოდა სახელმწიფოს მიერ, ახალი კანონპროექტით განისაზღვრება ერთდეჯარადი გადახდა ხელფასის 80%-ის ოდენობით. ორივე შეფასება არ შეესაბამება სინამდვილეს და არასწორედ წარმოადგენს რეგულირების შინაარსს, ფარგლებსა და მიზანს.
EMC-ის განმარტებით, წარმოდგენილი კანონის პროექტი ბლანკეტურად არ კრძალავს დასაქმებულებისათვის ერთზე მეტ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას, არამედ:
იგი ადგენს სამუშაო დროის მაქსიმალურ ოდენობას, რაც, ევროკავშირის დირექტივა 2003/88/EC-ის შესაბამისად, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. (დღეს მოქმედი კანონით, ზეგანაკვეთური შრომის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის. პრაქტიკაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, ხშირია შემთხვევა, როდესაც შრომითი კანონმდებლობის დარღვევის გარეშე, დასაქმებულები 70 საათსზე მეტს ასრულებენ);
შემოთავაზებული კანონის პროექტი ადგენს შეთავსებით მუშაობის დროის მაქსიმალურ ჯამურ ოდენობასაც: ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება, თუ დასაქმებულის მიერ ჯამში შეთავსებით ირღვევა 48 საათიანი ლიმიტი.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ ეს რეგულაცია არა ყველა, არამედ მხოლოდ რისკის შემცველი ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში დასაქმებულ პირებს მიემართებათ (კანონის პროექტის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს მთავრობის მიერ ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის რისკის შემცველი ეკონიმიკური საქმიანობის სექტორების განსაზღვრის ვალდებულებასაც).
“ამ რეგულაციის საფუძველზე დასაქმებულს შესაძლებლობა ექნება, უარი განაცხადოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე, თუ მისი ოდენობა დადგენილ ნორმას აღემატება.
დეკრეტული შვებულების განმავლობაში, დასაქმებული სახელმწიფოსგან მიიღებს მისი ხელფასის მინიმუმ 80 პროცენტს ყოველთვიურად (ანაზღაურებადი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 თვეს), და არა ერთჯერადად როგორც ეს მედიაში გავრცელდა.
შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიების იმ დასაქმებულების გარანტიებისთვის დაახლოებაა, რომლებზეც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება. დღეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ნაწილისთვის ყოველთვიური დეკრეტული ანაზღაურება ხელფასის 100 პროცენტს შეადგენს”, – აცხადებს EMC. ორგანიზაციისვე განმარტებით, გარდა ანაზღაურების წესისა, სავალდებულო ხდება, რომ დედამ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ისარგებლოს ორსულობის და მშობიარობის შვებულებით;
ასევე, ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ მამებს (ემატება მამობის შვებულება (14 დღე); გარდა ამისა, მშობლის შვებულებაში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება ანაზღაურებადი საშვებულებო კვოტა მამებისთვის).
შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ამ და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილების შეფასებას EMC მოგვიანებით გააკეთებს.