ახალი ამბები

თბილისსა და რუსთავში ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია

21 სექტემბერი, 2019 •
თბილისსა და რუსთავში ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 21:00 საათისთვის 270  შეტყობინება შევიდა, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლისა და სახურავების დაზიანების შესახებ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველა შემთხვევაზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები.
დოლიძის ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად, მოტეხილი ტოტი ორ მოქალაქეს დაეცა. მამაკაცები მსუბუქად დაშავდნენ. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. ასევე, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზები.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შეტყობინებები რუსთავში, სადაც ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია, დაშავებული არავინ არის. ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შემოსულა.

ამ დროისთვის შეინიშნება ქარის სიმძლავრის კლების ტენდენცია, შეტყობინებების ინტენსივობა შემცირებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი